მას შემდეგ, რაც სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “სოხუმს” ფინანსური პრობლემები შეექმნა, მისი კრიზისიდან გამოყვანა ვერა და ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, არც საზოგადოება იჩენს დიდ ინტერესს “სოხუმის” გადასარჩენად, რადგან 10 დღის განმავლობაში “სოხუმის” დახმარებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მხოლოდ 300-მდე ზარი შევიდა. თითოეული ზარის ღირებულება 1 ლარია.
დღეს, 25 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” ფინანსური კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლევან ყიფიანი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი), თამაზ თევზაძე (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე), მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), გიორგი ქართველიშვილი (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი), კახა შენგელია (ვიცე-პრეზიდენტი), ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი), ლიკა ქაჯაია (“სოხუმის” ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი), ალექსანდრე დოლიძე (“სოხუმის” ფინანსური მენეჯერი) და “სოხუმის” მოთამაშეები – გრიგოლ შვანგირაძე და რატი ბააკაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრას ჟურნალისტები არ დაგვასწრეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ყიფიანმა, გაბრიჩიძემ და კვარაცხელიამ მასმედიისთვის კომენტარი გააკეთეს:
ყიფიანი: “პირველ რიგში მადლობა “სოხუმის” მწვრთნელებსა და კალათბურთელებს, რომლებმაც გუნდი გაჭირვების დროს არ მიატოვეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გუნდმა მიმდინარე (2013-14) სეზონი დაასრულოს და მომავალში ამ გუნდის არსებობაზე არ იყოს საუბარი...”
გაბრიჩიძე: “სოხუმი” საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომ “სოხუმის” პრობლემები ყველასთვის დიდი წუხილია. ფინანსური პრობლემების გამო გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი შეიძლება ვერ გააგრძელოს. პირველ რიგში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა “სოხუმი” კრიზისიდან გამოვიდეს.
- ამ ეტაპზე თუ არის “სოხუმის” ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის რაიმე გზა?
- “სოხუმის” კრიზისიდან გამოყვანის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. რაიმე კონკრეტული გამოსავალი ჯერ არ ჩანს.
კვარაცხელია: “კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი მიზანი მიმდინარე სეზონის დასრულებაა.
ერთადერთი, რაც აფხაზეთიდან დევნილებს ჩვენს ისტორიულ კუთხეს გვაგონებს, ეს საკალათბურთო გუნდი “სოხუმია”. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაოცებული დავრჩი, როცა გუნდისთვის გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშზე (0901900910, 1 ზარი 1 ლარი) 10 დღის განმავლობაში მხოლოდ 300-მდე ზარი დაფიქსირდა. აფხაზეთის მთავრობას შეუძლია ამ აქციას ორგანიზება გაუწიოს და ამ შემთხვევაში ზარების რაოდენობამ შეიძლება ასი ათასს მიაღწიოს.
- დახმარებისთვის აფხაზეთის ადგილმონაცვლე მთავრობას თუ მიმართეთ?
- მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ ბიუჯეტი მთლიანად გაწერილი გვაქვს და ვერ დაგეხმარებითო. შემდეგ გავიგე, რომ აფხაზეთის მთავრობას სარეზერვო ფონდიდან შეეძლო დაგვხმარებოდა. მთავარია კეთილი ნება, თორემ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. აღსანიშნავია, რომ არსებობის მანძილზე “სოხუმი” ყველაზე კარგ სეზონს ატარებს. გუნდმა მოიგო დუდუ დადიანის მემორიალი, ითამაშა ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში, 29 მარტს კი საქართველოს თასის ფინალში “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდება.