ფეხბურთი

21:08 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” “სიონი” დაამარცხა

 

სეზონის განახლებამდე, ცხინვალის „სპარტაკი“ მოსამზადებელ შეკრებას თბილისში განაგრძობს. კახი კაჭარავას გუნდმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი 22 იანვარს „გაგრასთან“, „ბენდელას თასის“ სასტარტო ტურში გამართა და დამაჯერებლად 2:0 მოიგო. დღეს კი ცხინვალელებმა მეორე თამაში ჩაატარეს და ბევრად უფრო რიხიანად წარმოჩნდნენ. „სპარტაკისა“ და ბოლნისის „სიონის“ ეს მატჩი ამხანაგური კი გახლდათ, მაგრამ ამ ნიშას, თამაშის შედეგი ალბათ ნაკლებად შეესაბამება. კაჭარავას ბიჭებმა ბოლნისელთა მთავარი შემადგენლობა აშკარად დაჩაგრეს და ეს მატჩის საბოლოო ანგარიშშიც ნათლად აისახა. აღსანიშნავია ის, რომ თამაში სწრაფ ტემპში წარიმართა და სანახაობრივადაც მდიდარი გახლდათ. შესაბამისად, „ბენდელაზე“ შეკრებილ გულშემაკივარს მოწყენის მიზეზი არ ჰქონია.

„ბენდელას“ სტადიონზე გამართული ეს შეხვედრა სპარტაკელთა დომინირებით დაიწყო და ამავე სცენარით დასრულდა. ცხინვალელებმა მატჩის სტარტზევე „გამოაჩინეს ბრჭყალები“, „სწრაფი გოლი“ ჩაიფიქრეს და მე–12 წუთზე გიორგი თექთურმანიძის ჩინებული პასით თორნიკე თუხარელმა ანგარიში გახსნა. მასპინძლები არ მოდუნდნენ და 25–ე წუთზე თუხარელმა ლაშა ჩაფიძის პასით დუბლი მიითვალა. ორბურთიანი ფორის მიუხედავად, სპარტაკელებმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძეს და ფორა სამამდე გაზარდეს: ლაშა პარუნაშვილის ჩინებული პასით ზვიად მეტრეველმა ანგარიში 3:0 გახადა...

ტაიმის ბოლოს ბოლნისელებმა გაიბრძოლეს, შეტევებს უფრო ორგანიზებული სახე მისცეს და ერთი ბურთი გაქვითეს. 42–ე წუთზე აკაკი მიკუჩაძემ მოპოვებული პენალტი გოლად აქცია - 3:1.

მეორე ნახევრის დაწყებამდე მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს, მაგრამ შეხვედრა კვლავაც სპარტაკელთა დომინირებით წარიმართა. მეორე ტაიმის შუაწელს ცხინვალელებმა 3–ბურთიანი სტატუს–კვო აღადგინეს, ლაშა კემუხტაშვილმა გამოზომილად დაარტყა და ანგარიში 4:1 გახდა. ამ გოლიდან 10 წუთში კი გიორგი გაგნიძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონი გორის „დილაში“ დაიწყო, შორეული ძლიერი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი, 5:1 დააფიქსირა.

ცხინვალის „სპარტაკი“ მომდევნო მატჩს 28 იანვარს, „ბენდელას თასის“ გათამაშების მე–3 ტურში რუსთავის „მეტალურგთან“ სტუმრად გამართავს. 30 იანვარს კი კახი კაჭარავას გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება.

 

25 იანვარი 2014 . თბილისი. „ბენდელა“. 70 მაყურებელი.

სპარტაკისიონი 5:1 (3:1)

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, კაკუბავა, იოსელიანი, ჩაფიძე, პარუნაშვილი, ბურძენაძე, თუხარელი, თექთურმანიძე, მეტრეველი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაისაშვილი, ქურდაძე, ცერცვაძე, კემუხტაშვილი, ეხვაია, მაქაცარია. გაგნიძე, მოსაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კ. კაჭარავა

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე, აბრამიძე, იმედაშვილი, განუგრავა, გოგობერიშვილი, აფციაური, ბიბილეიშვილი, კახელიშვილი, მიკუჩაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მამასახლისი, ჩხეტიანი, ციცვიძე, სვანიძე, უგრეხელიძე, ცხადაია, სამხარაძე.

მწვრთნელები: გიორგი ლოლაძე, არმაზ ჯელაძე

გოლები: 1:0 თუხარელი (12), 2:0 თუხარელი (25), 3:0 მეტრეველი (34), 3:1 მიკუჩაძე (42. პენ.), 4:1 კემუხტაშვილი (67), 5:1 გ. გაგნიძე (77)

მსაჯი: დ. სანაია (სოხუმი)

0.156372