ფეხბურთი

18:56 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” “მეტალურგი” ბოლოს გატეხა

ზედიზედ სამ ტურში წაგების შემდეგ, ცხინვალის “სპარტაკმა” გამარჯვების გემო გაიხსენა. კახა კაჭარავას შეგირდებმა სამი ქულა მაშინ აიღეს, როდესაც თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ფრეზე უნდა გაყრილიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომელთაც მიმდინარე სეზონში მანამდე თავი არ გამოუჩენიათ.

“მეტალურგი” 80 წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა ითამაშა და ბოლოს გატყდა, რაც ძვირად დაუჯდა. არადა, რუსთაველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და გიორგი ნადირაძემ ჯერ საშუალო მანძილიდან დავით კირკიტაძის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ ლევან კორღალიძეს საჯარიმო დარტყმის დროს იყოჩაღა.

თუმცა, მე-11 წუთზე, ანზორ სუხიაშვილმა მასპინძელთა შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე თავის ნახევარზე წესების დარღვევით შეაჩერა და მთავარმა მსაჯმა თორნიკე გვანცელაძემ ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა. სუხიაშვილი მოედნიდან გასვლის შემდეგ, მარცხენა მცველის ადგილი გიორგი ჩირგაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე ნახევარდაცვაში ირჯებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ “სპარტაკი” რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა, ანგარიშის გახსნის რეალური შანსი პირველად სტუმრებს ჰქონდათ. მე-16 წუთზე, საჯარიმოს ფარგლებს გარეთ გამოსულ ნადირაძეს ბურთის “ამოტანისას” ფეხი დაუცდა და წაიქცა, ხოლო კირკიტაძეს ერთი შეხებით დარტყმის მერე, ცხინვალელები გოლის გაშვებისგან ზედა ძელმა იხსნა.

მე-19 წუთზე, თექთურმანიძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების მერე, მეტოქის კარის წინ მდგომი ნიკა მგელაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვარდნაში დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 38-ე წუთზე, “სტანდარტული” უკვე გოგი ფიფიამ შეასრულა და “სპარტაკის” კარიწ წინ აღმოჩენილმა ჩირგაძემ თავით ვერ გაიტანა.

მე-40 წუთზე, “სპარტაკის” ხანგრძლივი შეტევა, რომლის დროსაც კოტე სეფიაშვილმა არადამაჯერებლად ითამაშა, სტუმართა საჯარიმო მყოფი თემურ შონიას სახიფათო, მაგრამ არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

ტაიმის მიწურულს, მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე თუხარელმა “მეტალურგის” საჯარიმოში “გახსნილი” ნიკა კვეკვესკირი მოძებნა, რომელმაც მარცხენათი არაზუსტად დაარტყა და ცხინვალელთა დაწინაურების რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

მეორე ტაიმში მოედანზე მოვლენები დუნედ ვითარდებოდა და ყველაზე საინტერესო ბოლო 15-17 წუთი აღმოჩნდა. “სპარტაკის” რიგებში დავით გელაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და კაჭარავას შეცვლამ აშკარად გაუმართლა.

75-ე წუთზე, მასპინძელთა შეტევის დროს მარჯვენა ფრთიდან თუხარელმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში გელაშვილი მოძებნა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და სეფიაშვილმა ნახტომში “მეტალურგი” გოლის გაშვებისგან იხსნა. 78-ე წუთზე, იერიშში მარჯვენა მცველი ლაშა ჯაფარიძე ჩაერთო, რომლის დარტყმის შემდეგ, ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.

88-ე წუთზე, თუხარელმა მარჯვნიდან პასი “მეტალურგის” საჯარიმოში გააკეთა, სადაც სტუმართა მცველებს გელაშვილმა დაასწრო და ვარდნაში თავი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

დაწინაურების მერე, “სპარტაკს” ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უთამაშია და პირიქით უფრო მეტად შეუტია. 90-ე წუთზე, თექთურმანიძემ მარცხენა ფლანგიდან ასისტენტობა რუსთაველთა კარის სიახლოვეს მდგომ ლაშა კემუხტაშვილს გაუწია, რომელმაც ერთი შეხებით უზუსტოდ დაარტყა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, თექთურმანიძემ კარგად “შეაყოლა” ბურთი მეტოქის საჯარიმოში “გახსნილ” გელაშვილს, რომელმაც თავად არ დაარტყა და პასი თუხარელს მისცა, ხოლო “სპარტაკის” ნახევარმცველს თითქმის კარის ხაზიდან გატანა არ გაჭირვებია – 2:0.

სპარტაკი (ცხინვალი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (0:0)

9 დეკემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, კილასონია, კოტე ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, შონია (კ), ცერცვაძე (კემუხტაშვილი, 74), თექთურმანიძე (ქურდაძე, 90+3), თუხარელი, მეტრეველი (დავით გელაშვილი, 64).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

მეტალურგი: სეფიაშვილი, სუხიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე (კ), კაკუბავა, ჩირგაძე (ტუღუში, 84), რაზმაძე, გურამ გურეშიძე, კირკიტაძე (ქავთარაძე, 78), კორღალიძე (თედო კაკულია, 55), ფიფია.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გოლები: 1:0 გელაშვილი (88), 2:0 კემუხტაშვილი (90+2).

გაფრთხილება: მახვილაძე (18), რაზმაძე (75), ქავთარაძე (89).

გაძევება: სუხიაშვილი (11).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დორინ გოგა (“დინამო”),

8 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), გიორგი ქვილითაია ("დილა"), გიორგი თუხარელი ("სპარტაკი").

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105571