ფეხბურთი

20:49 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკის” თავკაცი: “სუფთა” გოლი იყო”

მატჩში ყველაზე საკამათო მომენტი 86-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ცხინვალის “სპარტაკმა” ანგარიში გაათანაბრა. სტუმართა ფეხბურთელმა პასი რუსთაველთა საჯარიმოში გახსნილ თორნიკე თუხარელს გაუკეთა, რომელსაც ანზორ სუხიაშვილმა დაასწრო, მაგრამ ბურთი უხეიროდ მოიგერია და სპარტაკელმა გოლი გაიტანა. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა ლევან ვარამიშვილმა თუხარელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არადა, პასის მომენტში ცხინვალელი ფეხბურთელი აშკარად სუხიაშვილის ზურგსუკან იყო. თან, ვარამიშვილმა ალამი გოლის გასვლის შემდეგ ასწია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “სპარტაკის” თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ხსენებული ეპიზოდის ვიდეოგამეორება ნახა და მსაჯი აშკარად შეცდა. 

თამაშის დასაწყისში ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თუხარელის გადაცემის შემდეგ, ზვიად მეტრეველმა თავით დაარტყა და რუსთაველები გოლის გაშვებისგან ნახტომში გრიგოლ ბედიაშვილმა იხსნა.

მე-14 წუთზე, ლევან კორღალიძემ მარცხენა ფრთიდან ბურთი კარის მიმართულებით “მოჭრა” და სოსლან ნანიევმა, რომელსაც უმაღლესი ლიგაში დებიუტი ჰქონდა, ხიფათი ბოლო მომენტში გაანეიტრალა.

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, დავით კირკიტაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა და ახლო მანძილიდან გიორგი ბერიაშვილის მიერ ეფექტურად დარტყმული ბურთი ნანიევმა მოიგერია.

მე-19 წუთზე, “მეტალურგმა” ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ლევან კორღალიძემ ოსტატური პასით დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ბერიაშვილი გაიყვანა, რომელმაც მეტოქის მცველთან ორთაბრძოლაში დაარტყა და გაიტანა – 1:0.

22-ე წუთზე, მარცხნიდან რევაზ გეწაძის პასის შემდეგ, “სპარტაკის” კარის წინ მყოფმა კორღალიძემ თავით ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა გაუშვა. 37-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ნიკა კვეკვესკირმა მასპინძელთა კართან მეტრეველი მოძებნა, რომელმაც თავურით საპასუხო გოლი ვერ გაიტანა.

მე-2 ტაიმი ხუთი წუთის განახლებული იყო, რომ დავით კირკიტაძემ მარჯვენა ფრთიდან პასი არ დაუგვიანა შეტევაში ჩართულ ლევან კაკუბავას, რომელმაც თავით მასპინძელთა კიდევ უფრო დაწინაურების შანსით ვერ ისარგებლა.

57-ე წუთზე, ვახტანგ ფანცხავა ბედიაშვილთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. მალევე, “მეტალურგის” მეკარესთან ერთი-ერთზე თუხარელი გადიოდა, თუმცა წინ გამოსულმა ბედიაშვილმა დაასწრო და ბურთი მუშტებით მოიგერია.

66-ე წუთზე, ფანცხავა ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა – ბედიაშვილმა ბურთი ფეხებით მოიგერია.

ვლადიმერ ხაჩიძე (“სპარტაკის” მწვრთნელი): “მე-4 თამაში წავაგეთ. ვიდეოჩანაწერს ვუყურე და “სუფთა” გოლი იყო. მსაჯმა შეცდომა დაუშვა. გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია და შესუსტებული შემადგენლობით ვთამაშობთ. შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედია, არც ჩვენ დავუშვებთ შეცდომას და არც – მსაჯები”.

გელა სანაია (“მეტაკურგის” მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. “სპარტაკი” ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ორგანიზებულად შეუძლია თამაში შეტევასა და დაცვაში. ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ”.

მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)

13 სექტემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ორბელაძე, სუხიაშვილი, კაკუბავა, კორღალიძე (ფიფია, 59), გურამ გურეშიძე (ქავთარაძე, 59), რაზმაძე, გეწაძე, კირკიტაძე, ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

სპარტაკი: ნანიევი, ჭაფოძე, ქურდაძე, კილასონია, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბურძენაძე, კვეკვესკირი, ჩაფიძე (კაკაშვილი, 82), თუხარელი, მეტრეველი, ფანცხავა (მაქაცარია, 69).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

გოლი: 1:0 ბერიაშვილი (19)

გაფრთხილება: მახვილაძე (36), ბურძენაძე (38), კაკუბავა (39), თუხარელი (86).

მთავარი მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი.

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

1.          ტორპედო                             4            3       1      0        6:3          10       
2. ჩიხურა 5 3 0 2 10:7 9
3. მერანი 5 3 0 2 7:7 9
4. ვიტ ჯორჯია 5 2 2 1 7:3 8
5. მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
6. დინამო  4 2 1 1 7:4 7
7. სიონი 5 2 1 2 7:5 7
8. დილა 4 2 1 1 6:4 7
9. გურია 5 2 0 3 3:7 6
10. ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
11. ზუგდიდი 5 1 1 3 3:9 4
12. სპარტაკი 4 0 0 4 1:6 0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


0.139151