სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “სოხუმი” სეზონს აგრძელებს. ზღვისპირელები 23-ე ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს ჩაატარებენ და 29 მარტს დაგეგმილ საქართველოს თასის ფინალშიც იასპარეზებენ, რომელშიც “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდებიან.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსნებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო შეჭირვებულმა “სოხუმის” კალათბურთელებმა (6 თვეა ხელფასი არ აუღიათ) მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში “ბათუმი–რსუ”-ს წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადეს და დავალიანების მისაღებად სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ “სოხუმს” ფინანსური პრობლემების მოგვარების შანსი გაუჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე “სოხუმმა” გადაწყვიტა ვარჯიში გააგრძელოს და მიმდინარე სეზონი ბოლომდე მიიყვანოს.