კალათბურთი

22:33 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” პრიზების კოლექციის შევსებას დადიანის მემორიალის მოგებით იწყებს

ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ დუდუ დადიანის სეზონისწინა, ტრადიციული მემორიალი “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა. სოხუმელებმა ფინალში, მემორიალის გარდამავალი თასის მფლობელი “არმია” დიდი ანგარიშით 84:57 დაამარცხეს.

სუპერლიგის 9 გუნდიდან, მემორიალის 2013 წლის გათამაშებაში, “სოხუმთან” და “არმიასთან” ერთად, “შსს აკადემიამ”, “ქუთაისი 2010”-მა,”ოლიმპმა” და “რუსთავმა” მიიღეს მონაწილეობა, ხოლო “დინამომ”, “ბათუმი-რსუმ” და “მაკაბიმ” თავი შეიკავეს.

ფინალამდე ზღვისპირელებმა “შსს აკადემიას” (89:69) და “ქუთაისი-2010” ს (80:78) მოუგეს, ხოლო  “ძალოვნებმა”  “ოლიმპი” (55:47) და “რუსთავი” (63:59) დაამარცხეს. კალათბურთის აკადემიის გადაჭედილ ტრიბუნაზე მსხდომი გულშემატკივრები დაძაბულ ორთაბრძოლას ელოდნენ, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა. მართალია “არმიას” თავი არ დაუზოგავს, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში მყოფ “სოხუმს” ვერაფერი მოუხერხა.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ზღვისპირელებმა დიდი ანგარიშით 27:6 მოიგეს. დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობამ  “სოხუმის” სასარგებლოდ  30 ქულასაც კი გადააჭარბა. “არმიამ” მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.  საქართველოში არსებული პრიზებიდან ( საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, სუპერთასი, დადიანის მემორიალი, ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალი) “სოხუმმა” პირველი ტურნირი მოიგო და პრიზების ათვლა დადიანის მემორიალის მოგებით დაიწყო.

ფინალურ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები “სოხუმის” უკანახაზელი ჯოშუა ჯექსონი და მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი ვახტანგ ქადარია იყვნენ, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. ზღვისპირელთა კიდევ ერთმა წევრმა, მძიმე ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. არმიელთა მხრიდან ყველაზე მეტი 13-13 ქულა უკანახაზელებმა ვიქტორ კვიმსაძემ და ბექა წივწივაძემ დააგროვეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ჯოშუა ჯექსონი დაასახელეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.379496