სხვა

15:43 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანადელი სნოუბორდისტი, რომლის მშობლების სახლში ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა

 

ადლერიდან კრასნაია პოლიანისკენ (40 კმ) კომფორტული ჩქაროსნული მატარებელით მგზავრობისას, ჩვენი ყურადღება კანადის ნაკრების მაისურში გამოწყობილმა სპორტული აღნაგობის სიმპათიურმა ქალიშვილმა მიიპყრო, რომელიც ტელეფონით რუსულად მკვეთრად გამოხატული ინგლისური აქცენტით საუბრობდა. ის სნოუბორდში კანადის ჩემპიონი, ეკატერინა ზავიალოვა აღმოჩნდა. ეკატერინას საკმაო მიღწევები აქვს საერთაშორისო ტურნირებზე, ხოლო 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა.

 ეკატერინამ გვითხრა, რომ შარშან სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია მიიღო, მაგრამ ტრავმის მიზეზით ეს ოცნება ვერ აისრულა. “ტრავმის გამო სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა ვერ შევძელი, მაგრამ აქ კანადის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვედი”, - გვითხრა ზავიალოვამ.

 ეკატერინა 14 წლის გახლდათ, როცა მშობლებთან ერთად რუსეთიდან კანადაში გადავიდა საცხოვრებლად – ეს იყო 1998 წელს. “რუსეთში ცხოვრებისას სამთოსათხილამურო სპორტით ვიყავი დაკავებული, კანადაში კი სნოუბორდით დავინტერესდი და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე”, - მოკრძალბულად გვითხრა გოგონამ, რომელიც ბოლო წლებში კანადის ერთ-ერთი საუკეთესო სნოუბორდრისტია.

 ეკატერინას მამა – მიხაილ ვლადიმერის ძე ზავიალოვი – წარსულში გამოჩენილი მოციგავე, ხოლო ბოლო ათწლეულებში ძალიან წარმატებული მწვრთნელია. ის იყო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010 წლის ოლიმპიადაზე კანადაში, მანამდე და ეხლა კი კანადის ნაკრების დამრიგებელია. “მამაჩემი უკვე ბევრი წელია მეგობრობს ცნობილ ქართველ მოციგავე და მწვრთნელ ფელიქს ქუმარიტაშვილთან (კანადის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ლევან ქუმარიტაშვილის ბიძა), ასევე კარგად იცნობს დავით ქუმარიტაშვილს (ნოდარის მამა, სსრკს ჩემპიონი)”, - გვითხრა ეკატერინამ.

 მან მოგვითხრო, რომ ვანკუვერის ოლიმპიადამდე, ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადაში, კერძოდ, კალგარიში ჩავიდა და იქ ვარჯიშობდა სადაც ეკატერინას მშობლები ცხოვრობენ. “ნოდარი კალგარიში ვარჯიშობდა და ჩვენს სახლში ცხოვრობდა. ის ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი იყო, მამაჩემი ძალიან აფასებდა და დიდ პატივს სცემდა მას”, - აღნიშნა ეკატერინამ.

 მან გვითხრა, რომ იმ ტრაგიკულ დღეს – 2010 წლის 12 თებერვალს, როდესაც ნოდარი უისტლერის ტრასაზე დაიღუპა, შემთხვევის ადგილას პირველი ეკატერინას მამა – მიხეილი მივიდა. “მამამ ძალიან განიცადა ნოდარის დაღუპვა, ის ხომ კარგად იცნობდა მას და როგორც მწვრთნელი, ვარჯიშების ორგანიზებაში ეხმარებოდა”, - თქვა ეკატერინამ.

როგორც უკვე ვწერდით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს დახმარებას გაუწევს ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპორტული ცენტრის შექმნაში. ვფიქრობ, ამ ცენტრის გახსნის ცერემონიალზე აუცილებლად დაპატიჟებენ იმ სპეციალისტებსა და მწვრთნელებს სიგულდიდან (ლატვია) და კანადიდან, ვისთანაც ნოდარი ვარჯიშობდა, მათ შორის მიხეილ ზავიალოვსაც.

თენგიზ პაჭკორია, კრასნაია პოლიანა - ადლერი, სპეციალურად www.worldsport.geთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149996