ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ესტონეთთან მატჩში (3:0) ტრავმა მიიღო და არაა გამორიცხული, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამის შესახებ “ნარინჯისფერთა” თავკაცმა ლუის ვან გალმა განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
“ცოტა უნდა მოვიცადოთ და სნეიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობას კარგად დავაკვირდეთ. ვნახოთ, უახლოეს დღეებში როგორ იქნება მისი საზარდულის საქმე. ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ სნეიდერს რუმინეთის წინააღმდეგ თამაშის არცთუ დიდი შანსი აქვს. ესტონეთთან გამარჯვებაში იღბალი დაგვეხმარა. პირველ ტაიმში, სათამაშო უპირატესობა მოვიპოვეთ, მეორეში კი, ეს ყველაფერი შედეგშიც ავსახეთ”, - განაცხადა ვან გალმა.
სნეიდერმა ტრავმა ესტონეთთან მატჩის 36-ე წუთზე მიიღო და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად, თამაშში რაფაელ ვან დერ ვარტი ჩაერთო.