რიგის “სკონტოსა” და დაუგავპილსის “დაუგავას” ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში თამაშის ლიცენზია მისცეს. ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი ხსენებული კლუბების მიერ შეტანილი აპელაციის განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა.
“სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, ხოლო ქართველი ლეგიონერებიდან გუნდში ირაკლი კლიმიაშვილი და ლაშა დვალი თამაშობენ. “დაუგავაში” გიორგი ჩიხრაძე და ბიძინა ცინცაძე ირიცხებიან.
“სკონტომ” სააპელაციო კომიტეტს სახელმწიფო შემოსავლების წერილი წარუდგინა, სადაც კლუბის მიერ დავალიანების დაფარვის გრაფიკია გაწერილი. ასევე, თანდათან ვალს რიგელთა მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს დაუფარავენ. “სკონტო” ვალებს ვალერი შაბალას ბელგიის “ბრიუგეში” გადასვლის სანაცვლოდ მიღებული თანხით გადაიხდის.
რაც შეეხება “დაუგავას”, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციას კლუბის მიმართ პრეტენზია ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის არქონის გამო ჰქონდა. დაუგავპილსელების ხელმძღვანელებმა ფედერაცია დაარწმუნა, რომ რეზეკნეში საფეხბურთო აკადემია აქვთ.
ვირსლიგის პირველ ტურში 8 გუნდი მონაწილეობდა და ლატვიური პრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ, “სკონტო” და “დაუგავა” ჩემპიონატში მე-2 ტურიდან ჩაერთვებიან.