ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩეტერ სიტი” მზადაა პრემიერლიგის გუნდებისთვის ცოტა ხნის წინათ დაწესებული ფინანსური რეგულაციების გასაუქმებლად სამოქალაქო სასამართლოში იდავოს.
თებერვალში, პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ინგლისურ ფეხბურთში დამატებითი ფინანსური რეგულაციები დაწესდა. ერთ-ერთი წესის თანახმად, თუ 3 წლის განმავლობაში, კლუბის წაგებამ 105 მილიონ ფუნტს გადააჭარბა, მის წინააღმდეგ გარკვეული სადამსჯელო ქმედებების განხორციელება იქნება შესაძლებელი. მათ შორისაა ქულების დაკლებაც კი. ეს წესი ძალაში მომდევნო სეზონიდან შედის.
გარდა ამისა, დამატებითი რეგულაცია დაწესდა ფეხბურთელების ხელფასებზეც. თუ კლუბის ფეხბურთელები, საერთო ჯამში, ხელფასის სახით, წელიწადში 52 მილიონ ფუნტზე მეტს გამოიმუშავებენ, ეს კლუბი სახელფასო ფონდის მატებაში შეზღუდული იქნება. კონკრეტულად, მას უფლება არ ექნება, წელიწადში ხელფასების საერთო რაოდენობა 4 მილიონ ფუნტზე მეტით გაზარდოს.
dailymail-ის ცნობით, აღნიშნულ წესებს 6 გუნდი არ ეთანხმება. ესენი არიან “ვესტ ბრომვიჩი”, “საუთჰემპტონი”, “ასტონ ვილა”, “ფულემი”, “უოტფორდი” და “მანჩესტერ სიტი”. ამ “დაჯგუფებას” სათავეში მანჩესტერული გუნდი უდგას, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს.