ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ბოსნიელი თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს შენარჩუნებას აპირებს.
ჯეკოს “ქალაქელებთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. იმის გამო, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში 28 წლის თავდამსხმელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, მისი “სიტიდან” შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკოს შეძენის სურვილს “ინტერი” და “დორტმუნდი” გამოთქვამდნენ.
ბოლო დროს, სერხიო აგუეროს ტრავმისა და ალვარო ნეგრედოს ფორმიდან ამოვარდნის გამო, ჯეკო სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ხვდება. შედეგად, თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელთან, ახალი კონტარქტის თაობაზე, მოლაპარაკებები დაიწყეს.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯეკო მოედანზე 25-ჯერ გამოვიდა, აქედან 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 11 გოლია.