კალათბურთი

23:20 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილს ოვერტაიმში გადავურჩით...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიაში 23-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმიან მატჩში 91:90 იმარჯვა. წესით, ასეთი თამაშის შემდეგ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ და ბიჭების ბრძოლისუნარიანობით ვხარობდეთ, თუმცა, დაგვეთანხმებით, გასახარი ბევრი არაფერია...

ოვარში ჩატარებულ თამაშში, რომელშიც ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, ქართველ კალათბურთელებს იოლი მოგება უნდა მიეთვალათ, ნაკრების წამყვანი კალათბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. იგორ კოკოშკოვმა მატჩი მხოლოდ 8 მოთამაშით ჩაატარა და თან, გიორგი ცინცაძე 44 წუთს დატვირთა, ვიქტორ სანიკიძემ 43 წუთს ითამაშა, ზაზა ფაჩულიამ კი მოედანზე 39 წუთი გაატარა. ნათელია, რომ გუნდს, რომელიც პორტუგალიიდან ჩეხეთში გადაფრენა და უმთავრეს კონკურენტთან ჯახი ელის, დასვენებისთვის მინიმალური დრო ექნება.

აღნიშნული იმან მოიტანა, რომ კატასტროფულად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და ვინმეს ჩეხეთისთვის “გადანახვაზე” საუბარიც აბსურდული იყო. როგორც აღვნიშნეთ, ტაიმის დასრულებამდე 1:51 წუთით ადრე, სტუმრები 23 ქულით ჩამორჩნენ, შესვენებაზე კი 19-ქულიანი პასივით გავიდნენ.

და ეს იმ გუნდისგან, რომელმაც უნგრეთთან საშინაო შეხვედრაში 38 ქულა ჩააგდო, სამიოდ დღის წინ კი ჩეხეთში 53:89 განადგურდა. მოკლედ, პორტუგალიელებმა იმაზე ზუსტად 1 ქულით ნაკლები მიითვალეს, რამდენიც წინა ორ მატჩში ერთად აღებული...

ცხადია, აღნიშნულს თავის მიზეზები ჰქონდა. ეტყობა, მასპინძლებმა ქართველთა გასული თამაშები კარგად შეისწავლეს და ალბათ, ბევრიც არ უფიქრიათ, როდესაც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იერიშები პერიმეტრიდან უნდა ეწარმოებინათ. ამის მიუხედავად, სტუმრები ჯიუტად ზონურ დაცვას მიმართავდნენ, რამაც ის მოიტანა, რომ პორტუგალიამ პირველ მეოთხედშივე 6 სამქულიანი ჩააგდო და 10 ქულით დაწინაურდა – 24:14.

საქართველოს ნაკრები საკუთარ თავს არ ჰგავდა, შეცდომებსაც მრავლად უშვებდა (საბოლოოდ, 18 “თერნოვერი” მოგვიგროვდა), თუმცა, საწყისი ათწუთეულის თავზეც კი, დარწმუნებული ვიყავით, რომ მატჩში გარდატეხა აუცილებლად მოხდებოდა. დაიწყო მე-2 მეოთხედი და ამ რწმენამ ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. ჩამორჩენამ არათუ შემცირება, არამედ ზრდა იწყო და თან, თამაში ისე მიდიოდა, სტუმრებს “ქამბექი” რის ხარჯზე უნდა მოახდინათ, არ სჩანდა.

მასპინძლები სამქულიანს სამქულიანზე აგდებდნენ (სულ 32-დან 13 შორეული ტყორცნა გამოიყენეს) და სოლო-რეიდებიც ჩვენზე უკეთ გამოსდიოდათ. ამ მხრივ, თავი ჟოზე და სილვამ გამოიდო, რომელმაც თამაშიდან 21-დან 10 ტყორცნა ჩააგდო და თამაში 26 ქულით დაასრულა. ამ ფონზე, საქართველოს ნაკრებმა 16-დან 3 სამქულიანი მიითვალა, პასებში მეტოქეს 15:24 ჩამორჩა და ერთი შეხედვით ჩია პორტუგალიელებს მოხსნებშიც კი ვერ სჯაბნიდა.

და რის ხარჯზე მოახერხეს ქართველებმა ერთი შეხედვით წაგებული თამაშის მოგება? თუკი თვალს მხოლოდ სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, აღნიშნულისთვის პასუხის გაცემა ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა, ერთი რამ ნამდვილად გვახსენდება: საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საწყისი ტაიმი 2 ქულით დაასრულა, მეორეში კი 23 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებს პირადი გმირობის მაგალითი მისცა.

ბოლოსკენ თამაში მართლაც ბრძოლის ველად იქცა. მარტო ის რად ღირს, რომ 5 პერსონალური ფოლის გამო, ჯამში, მოედანი ექვსმა (!) კალათბურთელმა დატოვა, 4 ჯარიმა კი კიდევ ოთხს მოუგროვდა. ფოლების გამო, სათადარიგოთა სკამზე გადასვლა მოუხდა ფაჩულიასაც, თუმცა, მაშინ მას თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. გარდა უხვქულიანობისა, ქართველი ცენტრის აქტივში 9 მოხსნაც იყო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 12-ჯერ დაჯარიმდნენ. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ფაჩულიას პორტუგალიელთა სათადარიგო ცენტრის კლაუდიო ფონსეკას გასაგდებად 7 (!) წუთი დასჭირდა.

ცხადია, მხოლოდ ფაჩულიას გმირობა საკმარისი არ იქნებოდა, დანარჩენებსაც რომ არ “გამოეღვიძათ”. სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია. მაგალითად, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც თამაში ბოლომდე ასევე ვერ ჩაამთავრა, 20 ქულა ჩააგდო, ვიქტორ სანიკიძემ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10 ქულა, 13 მოხსნა.

ქართველებმა მე-2 ტაიმი 53:34 მოიგეს, ოვერტაიმში კი მართალია, მხოლოდ 1 ქულით იმარჯვეს, მოგებასთან გაცილებით ახლოს იყვნენ. საბოლოო სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, კიდევ ერთ მარადიულ პრობლემას რომ არ ეჩინა თავი. ქართველი კალათბურთელები საჯარიმოების უშეცდომოდ შესრულებას ამჯერადაც ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ, 17 (!) ჯარიმა ააცილეს – 36 53-დან.

ამ მხრივ, საერთოდაც კურიოზული ვითარება შეიქმნა დასკვნით 23 წამში, როდესაც ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი ცინცაძემ 8-დან 7 ჯარიმა ააცილეს (სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ცინცაძემ უკანასკნელი ტყორცნა შეგნებულად გააცუდა). კიდევ კარგი, იგივე ცინცაძემ მანამდე ორივე ჯარიმა გამოიყენა, ისევე როგორც – ლევან ფაცაციამ.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელზე აუცილებლად ცალკე უნდა ითქვას. ლევანს წუნი ასევე საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ ოვერტაიმში შესაშური სიმშვიდე გამოიჩინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 7 ქულა (მათ შორის 1 სამქულიანი) შესძინა, სულ კი თამაში 14 ქულით დაასრულა.

მოკლედ, გასულ მატჩში კარგი მხოლოდ შედეგი გახლდათ, სხვა მხრივ კი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნაში, საქართველოს ნაკრებს სტაბილური თამაში უჭირს. გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო და ეს, ალბათ სათავედან უნდა დაიწყოს.

ამ ეტაპზე კი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩეხეთთან მატჩამდე ნაკრებში რაღაც სასიკეთო ცვლილებები მაინც მოხდება და გადაღლილი გუნდი უშუალო კონკურენტს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს. ცნობისთვის, ჩეხებმა უნგრეთთან შინაურ მატჩში ასევე დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მხოლოდ 3 ქულის სხვაობით – 66:63 მოიგეს. 

2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. E ჯგუფი. ოვარი (პორტუგალია). 700 მაყურებელი

პორტუგალია – საქართველო 90:91 (24:14, 21:12, 19:32, 15:21, 11:12)

პორტუგალია: და სილვა (38 წ. 26 ქ. 3 მ. 3 პ.), სუარეში (29 წ. 13 ქ. 9 მ.), ფერნანდეში (35 წ. 17 ქ. 8 პ.), ლიმა (31 წ. 9 ქ. 4 პ.), კუეიროსი (17 წ. 2 ქ. 3 მ.), გუერეირო (23 წ. 4 ქ. 7 მ.), ბალსეირო (13 წ. 5 ქ.), პინტუ (14 წ. 11 ქ.), ფონსეკა (7 წ.), ჰალმანი (17 წ. 3 ქ. 5 მ.).

მწვთნელი: მარიო პალმა.

საქართველო: ფხაკაძე (1 წ.), ფაჩულია (39 წ. 25 ქ. 9 მ.), ცინცაძე (44 წ. 11 ქ. 5 პ.), სანაძე (11 წ. 4 ქ.), ფაცაცია (28 წ. 14 ქ. 4 მ.), სანიკიძე (43 წ. 10 ქ. 13 მ. 3 პ.), ბურჯანაძე (22 წ. 7 ქ. 4 მ.), შარაბიძე (1 წ.), შენგელია (28 წ. 20 ქ. 5 მ. 3 პ.), ლეჟავა (9 წ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

სრული სტატისტიკა

http://www.fibaeurope.com/cid_KNce8jInH7Qj1EsyH5rjn2.gameID_9318-E-5-3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2015.roundID_9318.teamID_.html

 

ნიმბურკი (ჩეხეთი). 1 500 მაყურებელი

ჩეხეთი – უნგრეთი 66:63 (20:16, 17:18, 15:9, 14:20)

ჩეხეთი: აუდა (24 წ. 11 ქ. 6 მ.), პუმპრლა (39 წ. 14 ქ. 7 მ. 3 ჩ.), ჰრუბანი (27 წ. 11 ქ.), ველში (36 წ. 12 ქ. 6 მ. 7 პ. 3 ჩ.), პალიზა (7 წ.), ბარტონი (20 წ. 3 ქ. 5 მ.), ბალვინი (32 წ. 13 ქ. 6 მ. 3 პ.), სირინა (11 წ.), სვრდლიკი (1 წ. 1 ქ.), ჰოუსკა (2 წ. 1 ქ.).

მწვრთნელი: რონენ გინზბურგი.

უნგრეთი: დენეში (21 წ. 2 ქ.), კელერი (25 წ. 12 ქ. 3 მ.), ვიტმანი (18 წ. 5 ქ.), ვოივოდა (33 წ. 25 ქ.), სუპოლა (8 წ. 2 ქ.), ნ.ტოტი (18 წ. 2 ქ.), ა.ტოტი (15 წ. 8 ქ. 9 მ.), ტომასი (27 წ. 4 მ. 3 პ.), ფერენჩი (19 წ. 3 ქ.), რუიაკი (15 წ. 4 ქ. 3 მ.).

მწვრთნელი: სტოიან ივკოვიჩი.

სრული სტატისტიკა

http://www.fibaeurope.com/cid_KNce8jInH7Qj1EsyH5rjn2.gameID_9318-E-6-3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2015.roundID_9318.teamID_.html

ჩეხეთი 3 2/1 217/189
უნგრეთი
3 2/1 195/177
საქართველო 3 2/1 237/226
პორტუგალია
3 0/3 181/238

 

დარჩენილი მატჩები 

20 აგვისტო

უნგრეთი - პორტუგალია

ჩეხეთი - საქართველო

 

24 აგვისტო

პორტუგალია - ჩეხეთი

საქართველო - უნგრეთი

 

27 აგვისტო

უნგრეთი - ჩეხეთი

საქართველო - პორტუგალია 

0.135892