აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 25-ე ტურში გათამაშების ლიდერმა აგდამის “ყარაბაღმა”, რომელშიც ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი ირიცხებიან, თავის მოედანზე “ბაქის” 4:0 აჯობა. დვალმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გელაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ყარაბაღი” 10-გუნდიან პრემიერლიგაში პირველ ადგილზე 49 ქულით იმყოფება.
ფინეთის ლიგის თასს 1/4-ფინალში ტურკუს “ინტერი” გამოეთიშა, რომელშიც ირაკლი სირბილაძე ასპარეზობს. “ინტერმა” თავის მოედანზე ჰიკ-თან 1:3 წააგო, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 23-ე ტურში “ლუზენაკმა”, რომლის ღირსებას ამირან სანაია იცავს, შინ “პონტ დუ გარს” 4:0 აჯობა. ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ლუზენაკს” 45 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-2 ადგილი უკავია.
გერმანიის მე-3 ლიგის 28-ე ტურში “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია გამოდის, სტუმრად “ჰაიდენჰაიმთან” 0:0 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე დაჰყო. “ჰალეშერმა” 38 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ცხრილში მერვეა.