ფეხბურთი

18:48 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიონს” თურქეთი მოუხდა

ეტყობა, “სიონმა” თურქული შეკრება მართლაც ნაყოფიერად გამოიყენა. ყოველ შემთხვევაში, გაზაფხული ბოლნისელებმა რიხიანად დაიწყეს. ჯერ ქვეყნის თასის მერვედფინალში კერკეტი “ზუგდიდი” დაამარცხეს, შაბათს კი, მცხეთაში “ვიტ ჯორჯიაც” არ დაინდეს. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა არმაზ ჯელაძის შეგირდებს მომენტები მეტი ჰქონდათ. პირველ ტაიმში, სტუმრებმა 9 კუთხური მოაწოდეს მასპინძელთა ერთის წინააღმდეგ. პირველი გოლიც სწორედ კუთხურს მოჰყვა. მიკუჩაძის ჩაწოდებული ბურთი ახალაიამ მიიღო, ჰაიდუჩეკს დაუგორა და მანაც ახლო მანძილიდან შეაგდო. ეს, “სიონის” დებიუტანტი პოლონელი ლეგიონერის პირველი გოლი გახლდათ ჩვენს ჩემპიონატში. გატანა მასპინძლებსაც შეძლოთ, მაგრამ კასრაძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა. 55-ე წუთზე ვიტელი მცველების მოგერიებულ ბურთს, ცხადაიამ დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაჰკრა, ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ასხლეტით აღმოჩნდა კარში – 0:2. ბოლოსკენ, მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ, რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია – სიონი 0:2 (0:1)
9 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.”
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, ხურცილავა, ადამაძე, ტეტუნაშვილი, კასრაძე, მჭედლიშვილი, დავლაშელიძე, გურამ გურეშიძე, ღიბრაძე, ჯანელიძე, კუხალეიშვილი (გაბრიჩიძე 69)
მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
სიონი: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე, ფოფხაძე, ელიავა, ჰაიდუჩეკი, ცხადაია (ქემოკლიძე 74), ლექვთაძე, უგრეხელიძე (გოგატიშვილი71), მიკუჩაძე (ჯოჯუა 68), ახალაია
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 0:1 ჰაიდუჩეკი (39), 0:2 ცხადაია (55)
გაფრთხილება: დავლაშელიძე (40), მჭედლიშვილი (50), ხურცილავა (52), ადამაძე (85); სვანიძე (69)
მსაჯი: ლ. სილაგავა

 

ბადრი კეთილაძის ფოტოები

0.116195