ბოლნისის “სიონმა” მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და თბილისში, “მერანის” სტადიონზე პირველლიგელი “გაგრა” 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი “სიონმა” ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
მერლანი, ტვილდიანი, სვანიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, განუგრავა, პარუნაშვილი, იოსელიანი, ბიბილეიშვილი, კრისტიან ობინა.
მეორე ტაიმის მსვლელობისას თამაშში ჩაერთნენ: ბათიაშვილი, თოთაძე, ჯოჯუა, ახვლედიანი, ლევან ჩხეტიანი, მიკუჩაძე, უგულავა, ლობჟანიძე.
“გაგრას” შემადგენლობა შემდეგი იყო:
ბეგაშვილი, ხარაბაძე, გადრანი, ფიფია, ზ.ქარდავა, მაგრაქველიძე, ფალავანდიშვილი (კ), ტეიდი ჟიშკარიანი, ჭკუასელი, ჯერემია.
მეორე ტაიმში მაგრაქველიძე ცაცკრიალაშვილმა შეცვალა, ხოლო ტეიდი – ქარდავამ.
მატჩის მე-20 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა. 43-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი უკვე “სიონის” კარის მიმართულებით დაინიშნა. ჯონი ჯერემიას მიერ დარტყმული ბურთი მირზა მერლანმა მოიგერია. თუმცა, მსაჯმა ნიგერიელს ხელახლა დაარტყმევინა, რადგან “სიონის” ერთ-ერთი ფეხბურთელი თავის საჯარიმოში სასტვენამდე შევიდა. ჯერემიამ მეორე ცდა გამოიყენა.
77-ე წუთზე ბოლნისელებმა კიდევ ერთი პენალტი შეასრულეს და კოკა მიკუჩაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
ბოლნისელთა პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, დუშეთში შეკრებაზე ყოფნის პერიოდში, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე ძირითად აქცენტს ფიზიკურ დატვირთვაზე აკეთებს. პირველი მოსამზადებელი ეტაპი ორ დღეში დასრულდება და შემდეგ გუნდი უკვე ბურთით ვარჯიშს ბოლნისში განაახლებს. ამ დროისთვის “სიონში” დამრჩენ-წამსვლელების ვინაობაც გაირკვევა. 26 ივლისს ბოლნისელები ამხანაგურ თამაშს პირველი ლიგის “სასკოსთან” გამართავენ.