ბოლნისის "სიონს" ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდა მოგებული და მეხუთეს ვეღარ გასწვდა: "ვიტ ჯორჯია" მედგრად დაუხვდა სტუმრებს და არაფერი დაუთმო. 0:0 – შედეგი თამაშის შესაფერისია, მითუმეტეს მაშინ, როცა საგოლე მომენტი თითქმის არ იქმნება. იყო ბრძოლა, ტემპსაც არა უშავდა, მაგრამ შეტევები საჯარიმოს მისადგომებთან იფუშებოდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეკარეებს – ნიკა დაუშვილსა და მირზა მერლანს - სერიოზული საქმე არ ჰქონიათ. ორივე გუნდის დაცვა კარგად გამოიყურებოდა, ყოველ შემთხვევაში, თავდასხმაზე უკეთ. ცენტრში ყველაზე შესამჩნევნი თორნიკე აფციაური და გიორგი ჯანელიძე იყვნენ: საერთოდ, მათზე ბევრია დამოკიდებული, რადგან გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებენ. იყო გამწვავებები, დრიბლინგები, მაგრამ აკი ვთქვით, საჯარიმოს მისადგომებთან ყველაფერი მთავრდებოდა.
ყველაზე რეალური მომენტი 27-ე წუთზე ვიხილეთ, როცა "სიონის" ფლანგელი შემტევი ზვიად ლობჟანიძე მარჯვნიდან ორ ფეხბურთელს ეფექტურად გასცდა, ჩააწოდა და ლადო ახალაიამ ახლოდან თავურით ვერ დაარტყა – არადა, გოლს თითქმის არაფერი აკლდა.
ვიტელთაგან გიორგი კორიფაძეს შეეძლო უკეთ გარჯილიყო, როცა დასარტყმელ პოზიციაში დარჩა, თუმცა მცველები წამოეწივნენ და ხელი შეუშალეს. კორიფაძემ კარს გადააცილა ბურთი.
არც ცვლილებებს მოუტანია რაიმე ეფექტი. ვერ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც რაიმე ორიგინალურს გააკეთებდა და გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა თამაშში. "სიონმა" ვერ მოიგო, რითაც მოგებათა სერია კი შეწყვიტა, მაგრამ მეექვსე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონატში.
9.12.2013. 14:00. მცხეთა."მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 0:0
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, გეთიაშვილი, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი, წყაროზია, ნიკა მაისურაძე, კორიფაძე (ღიბრაძე 83), ჯანელიძე, სიჭინავა (პავლიაშვილი 73), კუხალეიშვილი (ხვისტანი 89).
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
სიონი: მერლანი, უგრეხელიძე, სვანიძე, აბრამიძე, იმედაშვილი, გოგობერიშვილი, განუგრავა (ცხადაია 64), აფციაური (სამხარაძე 61), ბიბილეიშვილი (მიკუჩაძე 75), ზვიად ლობჟანიძე, ახალაია.
მწვრთნელი: ლადო ბურდული.
გაფრთხილება: განუგრავა (39), წყაროზია (44), სიჭინავა (52), მაისურაძე (66), კუხალეიშვილი (87).
მსაჯი: ლაშა სილაგავა
გოლები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დორინ გოგა (“დინამო”),
8 - ჩისკო (“დინამო”)
6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)
3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), გიორგი ქვილითაია ("დილა"), გიორგი თუხარელი ("სპარტაკი").
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა