მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, კლუბის თავკაცად დანიშვნის შემდეგ, "როხიბლანკოს" მეხუთე ტიტული მოაპოვებინა. არგენტინელმა სპეციალისტმა მადრიდულ გრანდს, საკლუბო დონეზე თითქმის ყველა გათამაშებაში ოქროს მედალი მოაპოვებინა. ერთადერთი მოუპოვებელი ტიტული ჩემპიონთა ლიგის თასია, თუმცა გვახსოვს, როგორ ახლოს იყვნენ მადრიდელები აღნიშნულ გამარჯვებასთან.
ყველაფერი 2011 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, როდესაც "ატლეტიკოში" არგენტინელმა სპეციალისტმა, ესპანელი სპეციალისტი გრეგორიო მანზანო შეცვალა. მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან ხუთი თვე ბოლომდე არც იყო გასული, სიმეონემ პირველი ტიტული მოიპოვა: "ატლეტიკომ" "ბილბაო" ევროპის ლიგის ფინალში, რადამელ ფალკაოს დუბლის და დიეგო არიბასის გოლების წყალობით 3:0 დაამარცხა.
იმავე წლის 31 აგვისტოს, მონაკოში უეფას სუპერთასის ფინალში, ჩემპიონტა ლიგის ტრიუმფატორი ლონდონის "ჩელსი" 4:1 გაანადგურა. "არისტოკრატთა" კარში ჰეთ თრიკის ავტორი ფალკაო გახდა, ხოლო მეოთხე გოლი მირანდამ გაიტანა. ლონდონელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი კეჰილის ანგარიშზეა.
2012/13 წლების სეზონის ესპანეთის თასის ფინალში, "ატლეტიკომ" სამეფო კლუბი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამატებითი დროის ჩათვლით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში რონალდუმ გახსნა, 35-ე წუთზე დიეგო კოშტამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 98-ე წუთზე მირანდამ, სიმეონეს მესამე ტიტული მოაპოვებინა.
გასულ სეზონში კი, "ატლეტიკომ" შეუძლებელი შეძლო, მოიგო პრიმერადივიზიონი 17 წლიანი შესვენების შემდეგ. სიმეონემ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, თუმცა "რეალთან" დამარცხდა.
არგენტინელ სპეციალისტს სამეფო კლუბს რევანში გუშინ აუღო. ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა, ხოლო "ვისენტე კალდერონზე" ახალწვეულმა მარიო მანჯუკიჩმა მეორე წუთზე მასპინძლები დააწინაურა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სუპერთასის ბედიც გადაწყვიტა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "ატლეტიკომ" დაკარგა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ფელიპე ლუისი, დიეგო კოსტა, დიეგო, დავიდ ვილია, ადრიანი, ტიბო კურტუა.
მიუხედავად ამისა, დიეგო სიმეონემ კლუბის დაბალანსება შეძლო, მნიშვნელოვნად გაძლიერებული "რეალი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ვინ იცის, არგენტინელი 2014/15 წლების სეზონში კიდევ რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს.
გიორგი ბალახაძე