ფეხბურთი

12:44 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა კოკაიას მიერ 23 მილიონი ლარის ჩარიცხვის შემდეგ გადადგება

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა 2014 წლის 11 იანვრამდე თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს თუ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია უმაღლესი ლიგის კლუბების დასაფინასებლად 23 მილიონ ლარს გაიღებს.

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსების ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ საქართელოს ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც იმედი გვაქვს ეროვნული ჩემპიონატის ბედით დაინტერესებულ ყველა ჯგუფს სასურველ პასუხს გასცემს.

როგორც მოგეხსენებათ, 27 დეკემბერს მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი ლიგის 12 კლუბის ხელმძღვანელი და სფფ-ის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ გაიჟღერა ილია კოკაიას მიერ ინიცირებულმა იდეამ (სკ “ზესტაფონი”-ს გენერალური დირექტორი, მიხეილ ხუციშვილის მიერ), რომ იმ შემთხვევაში, თუ სფფ-ის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა თანამდებობას დატოვებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დამფუძნებელი და მფლობელი ილია კოკაია უმაღლესი ლიგის ამ სეზონის დასრულებისთვის 5 მილიონ ლარს გამოყოფს (საინტერესოა, თუ კი იდეის ავტორს ამ თანხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდა, რატომ შეუწყვიტა 2014 წლის 1 იანვრიდან მან სკ “ზესტაფონის” დაფინანსება). აღსანიშნავია, რომ სკ “ზესტაფონის” დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ეს იდეა უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობამ პირად შეურაცხოფად და მოქრთამვის მცდელობად აღიქვა.

ამავე კონტექსტში გვსურს განვიხილოთ სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სრულ დაფინანსებას მხოლოდ 2015-16 წწ. სეზონიდან ითავებს.

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, სფფ-ს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. გვინდა ეროვნული ჩემპიონატის გადარჩენით მოტივირებულ სკ “ზესტაფონი”-ს დამფუძნებელს, ბატონ ილია კოკაიას შევთავაზოთ - ითავოს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისა და შემდგომ 2014-2015 წწ სეზონის დაფინანსების უზრუნველყოფა, ვიდრე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის დაპირებისამებრ 2015-2016 წწ. სეზონზე სახელმწიფო გადაიბარებს ამ მძიმე მისიას და 2014 წლის 10 იანვრამდე კლუბების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს  23 მილიონი ლარი (მიმდინარე სეზონის დასრულებისა და მომავალი სეზონის ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯი: სფფ-ის მიერ შემუშავებული ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროგრამის შესაბამისად, თითოეულ კლუბს ერთი სეზონის ჩასატარებლად, მინიმალური საჭიროებების დასაფინანსებლად და სალიცენზიო მოთხოვნების შესასრულებლად ესაჭიროება 1 500 000 ლარი X 12 = 18 000 000 ლარი + კოკაიას მიერ სეზონის დასრულებისათვის დაპირებული 5 მილიონი ლარი ).

რადგან, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელს ასე აწუხებს ეროვნული ჩემპიონატის ბედი და ამავე დროს ასე ძვირად უღირს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, ჩვენის მხრივ გვსურს დავაიმედოთ ბატონი ილია კოკაია და დავპირდეთ, რომ აღნიშნული შეთავაზების მიღებისა და 23 მილიონი ლარის ჩარიცხვისთანავე, 11 იანვარს  სფფ-ის პრეზიდენტი, ბ-ნ ზვიად სიჭინავა დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს” – იუწყება სფფ-ის პრესსამსახური.

0.115513