ამ უქმეებზე თურქეთში ორი სტამბოლური დერბი გაიმართება: "ფენერბახჩე"-"ბეშიქთაში" შაბათს და "ქასიმფაშა"-"გალათასარაი" კვირას. ჩვენ მეორე უფრო გვაინტერესებს, რადგან შოთა არველაძის გუნდი მასპინძლობს დიდიე დროგბას, ვესლი სნეიდერსა და კომპანიას.
ამ მომენტისთვის "ქასიმფაშა" მეორე ადგილზეა, ლიდერ "ფენერს" 6 ქულით ჩამორჩება და მეხუთეზე მყოფ "გალათასარაის" 3 ქულით უსწრებს. არველაძის გუნდმა ბოლო 7 მატჩში 6 ზედიზედ მოიგო და გასულ ტურში ფრედ ითამაშა:
"ამ სეზონის ყველა მატჩში შემტევი ტაქტიკა გვქონდა და მოგებაზე ვთამაშობდით. "გალათასარაისთან" შეხვედრას იმედიანად ვხვდებით. კარგ თამაშს ველი, სასიამოვნოდ საყურებელს. მეტოქე ძლიერია და უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენ მშვენიერ ხასიათზე და კარგად მომზადებულნი ვართ" – თქვა არველაძემ.