ფეხბურთი

16:46 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შინ დამარცხებულების გასვლითი ცდა

 

ბაიერნი-არსენალი (პირველი მატჩი 2:0)

როგორც ამ გუნდებს შორის ერთი წლის წინათ გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში, “ბაიერნმა” ძალიან დიდი უპირატესობა პირველივე მატჩში ამჯერადაც მოიპოვა. თუმცა, გასულ სეზონში მიუნხენში დაფიქსირებული შედეგი ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს 1/4-ფინალზე ოცნების უფლებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, “ბაიერნმა” ლონდონში 3:1 მოიგო, ხოლო მიუნხენში 0:2 წააგო.

“ბაიერნისა” და “არსენალის” ურთიერთშეხვედრების ისტორია ერთი წლის წინათ გამართული თამაშებით არ შემოიფარგლება. გუნდები ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვედრიან. მიუნხენელებმა 4-ჯერ მოიგეს, ლონდონელებმა - 2-ჯერ, ხოლო 1 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 11:7. მიუნხენში ჩატარებული 3 დაპირისპირებიდან მასპინძლებმა 2 მოიგეს, ხოლო სტუმრებმა ერთი.

“ბაიერნი” ინგლისურ გუნდებს სულ 42-ჯერ შეხვედრია. მიუნხენელებს 16 მოგება, 14 ფრე და 12 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში ჩატარებული 18 მატჩიდან “რეკორდმაისტერმა” 10-ჯერ იმარჯვა, 5-ჯერ ფრედ ითამაშა და 3-ჯერ წააგო.

“არსენალს”, გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 29 შეხვედრაში 14 მოგება, 5 ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. ლონდონელებმა, სტუმრის სტატუსით, ხუთ-ხუთჯერ მოიგეს და წააგეს, ხოლო 4-ჯერ ფრედ ითამაშეს.

“ბაიერნი” დღევანდელ მატჩს ძალიან კარგ ხასიათზე ხვდება. ლონდონში გამართული დაპირისპირების შემდეგ, მიუნხენელებმა ბუნდესლიგის სამივე თამაში მოიგეს, თან ყველა მათგანი დიდი ანგარიშით – 4:0, 5:1, 6:1.

არცთუ კარგი განწყობით ხვდება მიუნხენურ მატჩს “არსენალი”, რომელიც პრემიერლიგაში პოზიციებს ნელ-ნელა თმობს. გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების დროს პრემიერლიგას ლიდერობდა, ახლა მე-3 ადგილზეა და პირველადგილოსან “ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ ვენგერის გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო. თუმცა, გასულ უქმეებზე, ლონდონელებმა “ევერტონი” 4:1 გაანადგურეს, რის წყალობითაც, მათ ასოციაციის თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

თუ 2012 წლის დეკემბრის შემდეგ უთამაშებელი ჰოლგერ ბადშტუბერის არყოფნას არ ჩავთვლით, “ბაიერნი” დღევანდელ მატჩს უდანაკარგოდ ხვდება. იგივეს ვერ ვიტყვით “არსენალზე”, რომელსაც ტრავმირებული დიაბის, მონრეალის, გიბსის, უილშერისა და უოლკოტის გარდა დისკვალიფიცირებული შჩეზნიც ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგალს კოსელნის, ჩელსტრომისა და რემზის საკითხი.

მატჩს სვეინ ოდვარ მოენი განსჯის. სწორედ მან იმსაჯა ამ გუნდებს შორის ერთი წლის წინათ გამართულ დაპირისპირებაში, რომელიც “ბაიერნმა” ლონდონში 3:1 მოიგო. ამის გარდა, ნორვეგიელ არბიტრს “ბაიერნის” შეხვედრა ერთხელ განუსჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მიუნხენელებმა “მარსელი” 2:0 დაამარცხეს. “ბაიერნთან” წაგების გარდა, მოენს “არსენალის” შეხვედრაში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ვენგერის გუნდმა “შახტარი” 5:1 გაანადგურა, ხოლო 2012 წელს, იმავე ეტაპზე, ლონდონელებმა “ოლიმპიაკოსს” 3:1 სძლიეს.

  • ერთი წლის წინათ, საკუთარ მოედანზე 1:3 წაგების შემდეგ, “არსენალმა” “ბაიერნთან” ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მიუნხენში მოახერხა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მაინც გერმანელები გავიდნენ;
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ მომხდარა, რომ ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულიყოს;
  • ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში სტუმრად იმარჯვა, მაგრამ გათამაშებას მაინც გამოეთიშა, სწორედ “ბაიერნია”. 2011 წელს, მიუნხენელებმა მილანში “ინტერი” 1:0 დაამარცხეს, ხოლო გერმანიაში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა 3:2 მოიგეს;
  • “ბაიერნმა” ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 2 საშინაო შეხვედრა დათმო;
  • “არსენალი”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ზედიზედ მეთოთხმეტედ თამაშობს, წინა სამ სეზონში, გათამაშებას სწორედ ამ ეტაპიდან ეთიშებოდა;
  • “არსენალმა”, გერმანიაში ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა;
  • “არსენალის” შემტევი, ლუკას პოდოლსკი “ბაიერნში” 2006-09 წლებში თამაშობდა. ბუნდესლიგაში მიუნხენელთა მაისურით ჩატარებულ 71 თამაშში მან 15 გოლი გაიტანა. “კიოლნში” თამაშის დროს, “ბაიერნთან” გამართული 10 დაპირისპირებიდან მან მხოლოდ ერთი მოიგო;
  • გერმანიაში თამაშის დროს, მერტეზაკერი “ბაიერნს” 16-ჯერ დაუპირისპირდა და მისმა გუნდმა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო. როდესაც გერმანელი მცველი “ვერდერში” გამოდიოდა, მან “ბაიერნთან” წაგებულ შეხვედრაში (1:3) ჯერ მიუნხენელებს გაუტანა, შემდეგ კი, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა;
  • “ბაიერნმა”, ბუნდესლიგის ბოლო 16 თამაში მოიგო, რაც ამ ტურნირის რეკორდია. გასულ უქმეებზე, მიუნხენელებმა “ვოლფსბურგს” 5 გოლი 17 წუთში გაუტანეს;
  • “ბაიერნმა”, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, თორმეტივე საშინაო შეხვედრა მოიგო. მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ქულები უკანასკნელად 2012 წლის დეკემბერში დაკარგეს;
  • “არსენალმა”, პრემიერლიგის ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • “ბაიერნს” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი, გასვლითი მატჩი 23-ჯერ მოუგია. მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე 22-ჯერ გავიდნენ;
  • “არსენალს” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ კედლებში აქამდე მხოლოდ 2-ჯერ წაუგია. ლონდონელები გათამაშებას ორივე შემთხვევაში გამოეთიშნენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, რობენი, კროოსი, ტიაგო, რიბერი, მანჯუკიჩი.

არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი, ვერმაელენი, არტეტა, ფლამინი, ჩემბერლენი, იოზილი, კასორლა, ჟირუ.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

 

ატლეტიკო-მილანი (პირველი მატჩი 1:0)

მიმდინარე კვირაში გასამართი მატჩებიდან ყველაზე დიდი ინტრიგა ამ წყვილშია, თუმცა, გამოკვეთილი ფავორიტი “ატლეტიკოსა” და “მილანის” დაპირისპირებასაც ჰყავს. იტალიაში გამართულ პირველ თამაშში მოგების შემდეგ, დიეგო სიმეონეს გუნდმა მონატრებული 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

“ატლეტიკოსა” და “მილანის” ურთიერთდაპირისპირების ისტორია სათავეს 3 კვირის წინათ გამართული მატჩით იღებს. მადრიდული გუნდი იტალიის წარმომადგენლებს სულ 20-ჯერ შეხვედრია. ესპანელებს 11 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში, “ატლეტიკომ” 5-ჯერ მოიგო და 3-ჯერ წააგო.

“მილანი” ესპანურ გუნდებს 54-ჯერ შეხვედრია. “როსონერიმ” 18-ჯერ მოიგო, 13-ჯერ ფრედ ითამაშა და 23-ჯერ წააგო. სტუმრად ჩატარებული 24 დაპირისპირებიდან “მილანმა” მხოლოდ 4 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 15 დათმო.

სეზონი დასასრულს უახლოვდება და “ატლეტიკო”, რომელსაც გასულ ზაფხულს ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ უწინასწარმეტყველებდნენ, ლა ლიგაში კვლავ მოწინავეთა შორისაა. ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, სიმეონეს გუნდმა გასულ უქმეებზე მოიგო და მადრიდელები თანაქალაქელ “რეალს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “ბარსელონას” 1 ქულით უსწრებენ.

მერვედფინალის პირველი მატჩის შემდეგ, “მილანის” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრას ზეედორფის გუნდმა სერია A-ში მოგება კი მოაყოლა, მაგრამ ამის შემდეგ, “როსონერიმ” 2 მატჩი მშრალად დათმო. შედეგად, მე-10 ადგილზე მყოფ “მილანს” ევროპის ლიგასთან 9, ხოლო ჩემპიონთა ლიგასთან 20 ქულა აშორებს.

დღევანდელ მატჩში, მასპინძელთა ერთადერთი დანაკლისი ხავი მანკილიოა. სტუმრებს ტრავმირებული კრისტანტე, ელ შაარავი, სილვესტრე და დისკვალიფიცირებული მონტოლივო არ ეყოლებათ.

მატჩის განსასჯელად UEFA-მ მარკ კლატენბურგი მიავლინა, რომელსაც “ატლეტიკოს” შეხვედრაში 2-ჯერ უმსაჯია. 2007 წელს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელებმა მოსკოვის “ლოკომოტივთან” 3:3 ითამაშეს, ხოლო 2012 წელს, იმავე ტურნირის 1/4-ფინალში, მათ “ჰანოვერი” 2:1 დაამარცხეს. “მილანის” მატჩში ინგლისელი არბიტრი მონაწილეობას მეორედ მიიღებს. პირველად ეს მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის წინ გამართულ ფლეი ოფში მოხდა, როდესაც იტალიელებმა პსვ 3:0 დაამარცხეს.

  • “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბოლოს 1997 წელს ითამაშა, როცა დიეგო სიმეონე ამ გუნდის ფეხბურთელი იყო;
  • “მილანმა” ევროტურნირების ბოლო 4 გასვლითი თამაში ესპანეთში წააგო;
  • მილანელებმა ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 4 ორრაუნდიანი დაპირისპირება დათმეს;
  • “მილანმა” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში აქამდე 6-ჯერ წააგო. “როსონერი” შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდა;
  • “ატლეტიკოს” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე 19-ჯერ მოუგია. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გადიოდნენ;
  • კლარენს ზეედორფსა და დიეგო სიმეონეს, ფეხბურთელობის დროს, ერთმანეთის წინააღმდეგ უთამაშიათ. 1997 წელს, მადრიდულ დერბიში, ზეედორფის “რეალმა” სიმეონეს “ატლეტიკო” 3:1 დაამარცხა. 2000 წელს, იტალიის თასზე, სიმეონეს “ლაციომ”, ზეედორფის “ინტერს”, 2 მატჩის ჯამში, 2:1 მოუგო. პირველ შეხვედრაში გოლი ორივე ფეხბურთელმა გაიტანა;
  • “რეალში” თამაშის დროს, ზეედორფი “ატლეტიკოს” 5-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდმა 3-ჯერ მოიგო და 2-ჯერ წააგო. ჰოლანდიელმა 2 გოლი გაიტანა;
  • “რეალში” თამაშის დროს, კაკამ მადრიდულ დერბიში მონაწილეობა 3-ჯერ მიიღო და ერთი გოლი გაიტანა. სამივე თამაში “ატლეტიკოს” სტადიონზე გაიმართა და ყველა მათგანი სტუმრებმა მოიგეს.
  • რობინიომ, “რეალში” თამაშის დროს, მადრიდულ დერბიში 4-ჯერ ითამაშა და მისმა გუნდმა ოთხივეჯერ მოიგო;
  • კრისტიან საპატასა და ადილ რამის, “ვილიარეალსა” და “ვალენსიაში” თამაშის დროს, “ატლეტიკოსთან” 2-2 წაგება აქვთ;
  • “ინტერში” თამაშის დროს, დიეგო სიმეონემ მილანურ დერბიში 3 გოლი გაიტანა;
  • “კატანიაში” მწვრთნელად მუშაობისას, დიეგო სიმეონე “მილანს” ერთხელ დაუპირისპირდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა, საკუთარ კედლებში, 0:2 წააგო;
  • “მილანის” მეკარე კრისტიან აბიატი, 2007-08 წლების სეზონში, “ატლეტიკოში” იყო განათხოვრებული. მადრიდული გუნდის მაისურით მან 30 თამაში ჩაატარა;
  • “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში, დავიდ ვილია “მილანს” 3-ჯერ დაუპირისპირდა. ესპანელის ანგარიშზე 2 გოლია;
  • “ატლეტიკო” ერთ-ერთია იმ 2 გუნდიდან, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვთ;
  • “მილანმა”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 4 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ინსუა, კოკე, გაბი, ტიაგო, თურანი, კოსტა, ვილია.

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, ბონერა, რამი, ემანუელსონი, ესიენი, დე იონგი, პოლი, კაკა, ტაარაბტი, ბალოტელი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

0.43422