გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-10 ტურში ესპანურ “ბარსელონას” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 58:70 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა კი ბერძნული გრანდში დაბრუნების შემდეგ, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.
შერმადინმა მოედანზე 16:09 წუთი გაატარა და სტუმრებს 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიაკოსელები ქართველ კალათბურთელს ნაკლებად ტვირთავდნენ და რამდენიმე ეპიზოდში პასიც დაუგვიანეს, მოკლედ, ჯერჯერობით, პირეული გრანდის თამაში შერმადინზე ნამდვილად არ “ეწყობა”.
სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბრაიანტ დანსტონი იყო 18 ქულით, რომელიც მეტწილად სწორედ ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა, ბრენტ პიტვეიმ კი 17 ქულა მიითვალა.
ბარსელონელთა ძირითადმა ცენტრმა ანტე ტომიჩმა ორმაგი დუბლი (14 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, ბრენდ ოლესონის აქტივში 15 ქულა იყო, ერაზემ ლორბეკმა 13 ქულა ჩააგდო. ისიც ვთქვათ, რომ 33 წლის ხუან კარლოს ნავარომ, რომელმაც ევროლიგაში სარეკორდო 253-ე (!) მატჩი ჩაატარა, თამაში 7 ქულით დაასრულა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ჯეიკობ პულენს, მან მოედანზე 11:12 წუთი დაჰყო და 8 ქულა და 1 პასი მიითვალა. ამერიკელმა უკანახაზელმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
“ბარსელონამ” ტოპ-16-ის E ჯგუფში ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე იმყოფება, “ოლიმპიაკოსმა” კი 4 მოგების წილ უკვე მე-6 მარცხი განიცადა და მოწინავე ოთხეულში მოხვედრა, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს, ძალიან გაუჭირდება.
შერმადინის გუნდი ესპანურ “უნიკახას”, თურქულ “ფენერბაჰჩეს” და ბერძნულსავე “პანათინაიკოსს” თითო მოგებით ჩამორჩება და მიზნის მისაღწევად, ამ სამეულიდან ორს მაინც უნდა აჯობოს. პირეოსელები მომდევნო შეხვედრას 21 მარტს, შინ, აუტსაიდერ – ესპანურ ”კახა ლაბორალთან” ჩაატარებენ.