კალათბურთი

2:23 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” თურქეთში იმარჯვა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლოსწინა ტურში თურქეთში E ჯგუფის აუტსაიდერი “ანადოლუ ეფესი” 83:78 დაამარცხა და მე-3 ადგილიდან ბერძნულივე “პანათინაიკოსი” ჩამოაქვეითა.

სტამბულში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:27 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16 გახლდათ, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ბრაიან დანსტონს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ყველაზე შედეგიანი კი პირეოსელთა კაპიტანი ვასილის სპანულისი იყო 17 ქულით.

ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ოლიმპიაკოსმა” 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა კი, “პანათინაიკოსს” მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს.

ტოპ-16-ის ბოლო ტურში, 10 აპრილს, პირეოსელები სწორედ ათენელებს მიიღებენ და უძლიერესის ვინაობასაც გაარკვევენ, ისე კი, ევროლიგის მეოთხედფინალში თამაში ორივე ბერძნულ გრანდს განაღდებული აქვს.

0.118139