ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ”სარაგოსამ” მადრიდში “ესტუდიანტესს” 89:62 სძლია, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა ტრადიციულად დიდი წვლილი დაიდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყვნენ, სარგებლიანობის კოეფიციენტის (21) მიხედვით კი, საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც 25:26 წუთში 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 1 დაფარებაც ჰქონდა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
თავის მხრივ მოედანზე 26:19 წუთი გაატარა სანიკიძემ, რომლის მონაგარიც 6 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
არაგონულმა კლუბმა 7 მარცხის ფონზე მე-8 გამარჯვება იზეიმა და ესპანურ ლიგაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. “სარაგოსა” მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს ისევ სტუმრად ჩაატარებს. 19 იანვარს ქართველთა კლუბი ბასკურ “ლაბორალ კუტხას” ესტუმრება.