კალათბურთი

19:35 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი და “ოლიმპიაკოსი”: ტრანსფერის ბედი უახლოეს საათებში გაირკვევა

ქართველი ცენტრი ბერძნული გრანდისგან 1.5-წლიან კონტრაქტს ითხოვს...


გარიგებას, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდიოდა, უახლოეს პერიოდში ოფიციალური სახე უნდა მიეცეს. თუ არაფერი შეიცვალა, ევროპაში ტრანსფერებისთვის გამოყოფილ ბოლო დღეს, ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანურ “სარაგოსას” დატოვებს და ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ – ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” მიაშურებს, რომელშიც ადრე უკვე უთამაშია.

24 წლის შერმადინის სახით არაგონელები და მთლიანად ესპანური ACB ლიგა ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელს კარგავს. გიორგი “სარაგოსაში” საშუალოდ 12.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 15.8 პუნქტს უტოლდებოდა.

შერმადინის დიდი დახმარებით, არაგონულმა კლუბმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშა, ჩემპიონატშიც დამაჯერებლად ითამაშა და ევროთასის მერვედფინალში გასვლამდეც ცოტა დააკლდა. ცნობისთვის, ევროთასზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში ქართველის საშუალო მონაგარი 9.8 ქულა, 5.6 მოხსნა და 1.1 პასი იყო.

Eurohoops.net-ის ინფორმაციით, პირეოსულ გრანდს ქართველი კალათბურთელის დაბრუნება დაახლოებით 100 ათასი ევრო დაუჯდება, მისი თვიური ხელფასი კი 55 ათასი ევრო იქნება. გიორგი საბერძნეთში უახლოეს საათებში უნდა ჩაფრინდეს და წესით, ელადაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ “ოლიმპიაკოსი” შერმადინის განაცხადში შეყვანას დაუყოვნებლივ აპირებს. 28 თებერვალს პირეოსელები ევროლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის მატჩში, სტამბულში “ფენერბაჰჩეს” ეთამაშებიან და საქართველოს ნაკრების წევრის ხელახალი პირეოსული დებიუტი უკვე ამ შეხვედრაში უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ 2.16 მეტრი სიმაღლის მქონე ქართველმა ცენტრმა “ოლიმპიაკოსთან” პირველად კონტრაქტი 2012 წლის დეკემბერში გააფორმა და კლუბთან ერთად ევროლიგის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

სხვა საქმეა, რომ მაშინ შერმადინს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა (საშუალო მონაგარი 4.5 ქულა და 2.7 მოხსნა ჰქონდა) და პირეოსელებმა მისი სლოვენიელი მირზა ბეგიჩით ჩანაცვლება გადაწყვიტეს, მას შემდეგ კი, რაც გიორგი “სარაგოსაში” ჩინებულად ათამაშდა, ბერძნული მხარე საკუთარ შეცდომას მიხვდა.

როგორც აღვნიშნეთ, “ოლიმპიაკოსი” ევროლიგაში მიმდინარე სეზონშიც ასპარეზობს და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსიც გააჩნია. ბერძნულ გრანდს ტურნირის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ “მილანთან” და მარადიულ მეტოქე ათენის “პანათაინაიკოსთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ საბერძნეთის ჩემპიონატში “ოლიმპიაკოსს” 19 ტურში 17 გამარჯვება აქვს და იმავე “პანათინაიკოსს” 1 მოგებით ჩამორჩება. პირეოსელებს მომდევნო მატჩი 1 მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან “აპოლონს” ესტუმრებიან.

შერმადინის გარდა, უკანასკნელ სატრანსფერო დღეს ესპანური ლიგა კიდევ ორმა გამორჩეულმა კალათბურთელმა დატოვა. ბლაგოტა სეკულიჩმა, რომელსაც ჩემპიონატში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (21.3) ჰქონდა, “ტენერიფედან” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” მიაშურა, ხოლო მე-6 მაჩვენებელის მქონე (17.0) მაიკ მუსკალა “ობრადოიროდან” ნბა-ს წევრ “ატლანტა ჰოუქსში” გადაბარგდა.

P.S. ბოლო ინფორმაციით, “სარაგოსას” გენერალურმა მენეჯერმა ვილი ვილიარმა დაადასტურა, რომ შერმადინის თაობაზე ბერძნულ კლუბთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ახლა, მთავარი პრობლემა თავად ქართველი კალათბურთელის პოზიციაა. გიორგის პირეოსელებთან ხელშეკრულების გაფორმება 2014-15 წლების სეზონის ჩათვლით სურს, “ოლიმპიაკოსი” კი, როგორც აღვნიშნეთ, მას კონტრაქტს სეზონის ბოლომდე უფორმებს. არებობს ასეთი ვარიანტიც. შერმადინი ბერძნული მხარის წინადადებას დასთანხმდება, ოღონდ, ამ შემთხვევაში, გიორგი ხელფასის სახით თვიურად 80 ათას ევროს ითხოვს. სხვათა შორის, ქართველის დასარწმუნებლად მას ორშაბათს "ოლიმპიაკოსის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგიოს ბარცოკასმა პირადად დაურეკა. მხარეებს შეთანხმების მისაღწევად სულ ცოტა დრო რჩებათ. სატრანსფერიო ფანჯარა თბილისის დროით 21:00 საათზე იხურება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111389