თორნიკე შენგელიას “ნეთსში” კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა. ბრუკლინელებმა გამოცდილი რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო გადაიბირეს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ყველასათვის მოულოდნელი გახლდათ.
საქმე ის გახლავთ, რომ კირილენკოს “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი და ხელფასის სახით 10.2 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, ახლა კი, “ნეთსთან” 2-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ, სეზონში მხოლოდ 3.18 მილიონს მიიღებს.
სიტუაცია იმდენად გაუგებარი გახლდათ, რომ რუსი კალათბურთელის აგენტმა მარკ ფლეიშერმა სპეციალური ახსნა-განმარტებაც გააკეთა.
“ანდრეის კარიერის განმავლობაში საკმარისი ფული აქვს გამომუშავებული. მართალია, ანაზღაურება მნიშვნელოვანია, თუმცა, კონტრაქტის გაფორმება იმ გუნდთან, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ექნება და თანაც რუსი მფლობელი ჰყავს, კირილენკოსთვის გაცილებით მიმზიდველი იყო.
სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ დასთანხმდა იგი 7 მილიონით ნაკლებ ხელფასს, ვიდრე “მინესოტაში” აძლევდნენ. რეი ალენის მაგალითი გაიხსენეთ. მანაც დიდი ფული დათმო, რათა “მაიამი ჰითში” გადასულიყო. რეიმ გარისკა და ფლორიდელებთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა”.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 32 წლის კირილენკომ “ტიმბერვულვზის” მაისურით 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.4 ქულას, 5.7 მოხსნას, 2.8 პასს. 1.5 ჩაჭრას და 1.0 დაფარებას აგროვებდა.