კალათბურთი

14:46 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას დებიუტი არ შედგა

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ახალ გუნდთან ერთად კლივლენდს ესტუმრა და “კავალიერსთან” მატჩის განაცხადშიც გახლდათ, თუმცა, “ჩიკაგო ბულზის” რიგებში მისი დებიუტი არ შედგა.

შენგელია “ხარებს” ორიოდ დღის წინ შეუერთდა და ჩიკაგოელთა თავკაც ტომ ტიბოდის მოედანზე არ გაუყვანია, დიდად გასაკვირი არც ყოფილა. მთავარია, რომ მწვრთნელი ქართველ ფორვარდს მომავალ შეხვედრებში ენდოს, თოკომ კი მას ნდობა გაუმართლოს.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ მატჩს, ის “ბულსმა” 98:87 მოიგო და სატურნირო ცხრილში დადებით ბალანსზე (21 მოგება, 20 მარცხი) გავიდა. ახლა, ქართველის კლუბი ცენტალურ დივიზიონში – მეორე, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს.

“კავალიერსთან” მატჩში ტიბოდომ მხოლოდ 9 კალათბურთელი დატვირთა და მათგან ერთი მარტინ კარტიე – მხოლოდ სიმბოლური დროით (01:58 წუთი). სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი დი ჯეი აუგუსტინი იყო 27 ქულით, ტაჯ გიბსონმა 26 ქულა ჩააგდო, მაიკ დანლივიმ – 22, ხოლო ჟოაკიმ ნოამ 9 ქულას 18 მოხსნა წაამატა.

ისიც ვთქვათ, რომ “ხარების” ერთ-ერთ ლიდერ კარლოს ბუზერს შეხვედრაში მონაწილეობა მცირე ტრავმის გამო არ მიუღია. “კლივლენდის” ვარსკვლავმა კაირი ირვინგმა 26 ქულა მიითვალა, ბრაზილიელი ცენტრის ანდერსონ ვარეჟაოს მონაგარი კი ორმაგი დუბლი იყო – 10 ქულა, 11 მოხსნა.

საინტერესოა, რომ ჩიკაგოელთა წინააღმდეგ პირველად ითამაშა წლების განმავლობაში “ბულსის” ლიდერმა და კაპიტანმა ლუოლ დენგმა, თუმცა, ჩვეულად პროდუქტიული ვერ იყო და თითქმის 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ 11 ქულას დასჯერდა, თანაც თამაშიდან 11-დან ორადორი ტყორცნა გამოიყენა.

“ჩიკაგოს” მომდევნო შეხვედრა შინაურ კედლებში 25 იანვრის დილას ელის. “ხარების” წინააღმდეგ წყნარი ოკეანის დივიზიონი ლიდერი “ლოს ანჟელეს კლიპერსი” დადგება, რომლის აქტივშიც 29 მოგებაა.

როგორც იქნა, წარუმატებელი სერია შეწყვიტა ზაზა ფაჩულიას “ბაქსმა”. მილუოკელები “ჰარის ბრედლი სენთერში” “დეტროიტ პისტონზს” დაუხვდნენ და 104:101 მოიგეს.

საინტერესოა, რომ მასპინძლებმა ტრავმირებული ქართველი ცენტრის გარდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ო ჯეი მაიო, გარი ნილი, ლარი სანდერსი, ნეიტ უოლტერსი და კარლოს დელფინოც მოისაკლისეს, ამდენად, მათი წარმატება ძალიან მოულოდნელი გახლდათ.

“ბაქსის” წარმატება კერონ ბატლერის ჩინებულმა გარჯამ (30 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი) განაპირობა, 10-ქულიან ზღვარს კი ბრენდონ ნაიტმა, ერსან ილიასოვამ, ჯონ ჰენსონმა და კრის მიდლტონმაც უწიეს.

სხვა საქმეა, რომ ეს მილუოკელთათვის მხოლოდ მე-8 გამარჯვება გახლდათ (33 მარცხის ფონზე) და ისინი კვლავაც ლიგის უიმედო აუტსაიდერებად რჩებიან. “ბაქსს” 25 იანვრის დილას სწორედ იმ “კლივლენდთან” უწევს სტუმრობა, რომელსაც თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” უკვე აჯობა.

0.117625