კალათბურთი

14:15 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ნბა-ს 2 ქულით დაუბრუნდა

ფაჩულიამ ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა


ნბა-ს განვითარების ლიგაში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” დაუბრუნდა და “ტორონტო რეპტორზთან” წაგებულ შეხვედრაში (80:96) დასკვნით 03:42 წუთს ითამაშა.

ბრუკლინელები კანადას 5 მოგებით ზურგგამაგრებულნი ესტუმრნენ, რომელშიც “ოკლაჰომა სიტისთან” და ”მაიამისთან” საამაყო გამარჯვებებიც შედიოდა, თუმცა, “ეარ კანადა სენთერში” 20 ათასამდე ქომაგის მიერ შეგულიანებულ “რეპტორზთან” ვეღარაფერი გააწყვეს.

ტრავმების გამო, “ნეთსმა” ამჯერადაც ვერ დაიხმარა ლიდერები – კევინ გარნეტი, ბრუკ ლოპესი და დერონ უილიამსი, მათ არყოფნაში კი გუნდს პოლ პირსმა (15 ქულა), ალან ანდერსონმა (13) და ჯო ჯონსონმა (11) ულიდერეს.

როგორც აღვნიშნეთ, შენგელია მოედანზე ბოლო წუთებზე გამოჩნდა და ორქულიანი შეტევა ზუსტად დაასრულა, პასივში კი ერთადერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველის დარად, “ნეთსმა” განვითარების ლიგიდან ტაიშუან ტეილორიც დაიბრუნა, რომელიც 8 წუთში უქულოდ დარჩა.

“ბრუკლინს” 15 მოგება და 22 მარცხი გააჩნია და ატლანტის დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 17 იანვრის დილას ჯორჯიაში ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსთან” ელის.

ამასობაში, თავად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ტრავმის გამო 4 დეკემბრის შემდეგ უქმადაა, ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა, თუმცა, მის მოედანზე დაბრუნებას ჯერაც არ უნდა ველოდეთ. “ბაქსის” მთავარი მწვრთნელის ლარი დრიუს განცხადებით, ქართველი ცენტრის სრულად მომჯობინებას კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება.

ფაჩულიას არყოფნაში კი, “მილუოკიმ” მორიგი მატჩი ოკლაჰომა სიტიში ფავორიტად შერაცხულ “სანდერთან” ჩაატარა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ უიმედო მარცხი განიცადა – 85:101.

სტუმრებს სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფაჩულიას გარდა, ვერც კერონ ბატლერი, ჯონ ჰენსონი, გარი ნილი, ნეტ უოლტერსი და კარლოს დელფინო დაეხმარნენ, ამდენად, დრიუ ფონს გასვლას მხოლოდ 9 კალათბურთელით შეეცადა.

“ბაქსის” პრობლემებს ისიც დაერთო, რომ უკვე 06:30 წუთის თავზე გუნდის ძირითადმა ცენტრმა, არცთუ რბილი ხასიათით ცნობილმა ლარი სანდერსმა სტივენ ადამსს იდაყვი მიარტყა და თამაშიდან დაითხოვეს. ამ ფონზე მილუოკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები ო ჯეი მაიო და ლუკ რიდნური იყვნენ 16-16 ქულით, გიანის ანტეტოკოუნმპომ კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 13 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

“ბაქსს” 7 მოგების წილ უკვე 29-ე მარცხი მოუგროვდა და მთელს ლიგაში უარეს გუნდად რჩება. ფაჩულიას კლუბი შემდეგ შეხვედრას 14 იანვრის დილას სწორედ იმ “ტორონტო რეპტორზთან” ჩაატარებს, რომელმაც შენგელიას “ბრუკლინი” დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112414