კალათბურთი

14:04 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ლონდონშია და “ატლანტასთან” მატჩისთვის ემზადება

თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ჩავიდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ოკეანისგაღმური გუნდებისთვის ევროპული ტურნეები ახალი ხილი სულაც არ გახლავთ, ამჯერად კი, საქმეში “ნეთსიც” ჩაერთო და ნისლიან ალბიონზე ქართველი კალათბურთელიც იახლა.

შენგელია გუნდთან ერთად იმყოფება და ლონდონის “ჩელსისგან” სამახსოვრო მაისურიც ერგო, რომელზეც მისი გვარი და ნომერია გამოსახული.

მოგეხსენებათ, როგორც “ჩელსის”, ასევე “ბრუკლინს” რუსი მფლობელები – რომან აბრამოვიჩი და მიხეილ პროხოროვი ჰყავთ და ეს უკანასკნელი, “ჰოუქსთან” მატჩზე დასასწრებად თავადაც ჩაბრძანდა.

ისიც ვთქვათ, რომ “ნეთსის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ გარნეტი “ჩელსის” სტადიონ “სტემფორდ ბრიჯს” ესტუმრა და ლონდონელთა ლეგიონერებთან – ანდრე შურლესთან და დემბა ბასთან სამახსოვრო სურათები გადაიღო, შემდეგ კი ჩემპიონთა თასიც ასწია.

ცნობისთვის, “ბრუკლინის” და “ატლანტას” ლონდონური დაპირისპირება 16 იანვარს თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111689