ფეხბურთი

22:08 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შემოდგომის ბოლო ტური

ოთხშაბათ-ხუთშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩები ჩატარდება (თუ ისევ უამინდობამ არ შეუშალა ხელი) და ამით საშემოდგომო ეტაპი დამთავრდება. მომავალი ტური უკვე თებერვალში გაიმართება. თუმცა, დეკემბერში კიდევ ორი შეხვედრაა სათამაშო: “ზესტაფონი” – “სპარტაკის” გადადებული მატჩი და საქართველოს სუპერთასი. 

ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი)

18 დეკემბერი. განმუხური. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ბექა ტუღუში, გიორგი ჩირგაძე, ლუკა რაზმაძე, მიხეილ მახვილაძე (“მეტალურგი”)

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ზ. ბერულავა, ზ. ასკაროღლი, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

“ზუგდიდმა” წინა ტურში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად ირაკლი ეხვაიას დუბლით (2:1) მოუგო და მომავლის იმედი გაუჩნდა. ზუგდიდელებს, აქამდე, ბოლოს სამ თვეზე მეტი ხნის წინათ მოეგოთ და ცხადია, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულისმომცემია მათთვის. აკი ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია შეპირდა კიდეც ადგილობრივებს – ყველაფერს გავაკეთებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენადო. რუსთაველებმა კი გასულ ტურში “გურია” დაამარცხეს (3:1) და ზედა ექვსეულში მოხვედრის პერსპექტივა კიდევ უფრო ნათელი გახადეს. 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი

18 დეკემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებული: ვალერი იობაშვილი (“გურია”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, კ. ტეფნაძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

“გურია” უფინანსობის მიუხედავად, მაინც მე-3 ადგილზე დგას და როგორც ჩანს, ადვილად არაფერს დათმობს. “ზესტაფონს” კი საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრება სურს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლანჩხუთელებთან მატჩისთვის მარგველები თბილისში, “ამერის” სტადიონზე ემზადებოდნენ, შემდეგ ერთი ღამე თოვლიან ზესტაფონში გაათიეს და ქობულეთისკენ გაემგზავრნენ. 

 

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)

19 დეკემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:2

ამ წყვილში, ფაქტობრივად, ორი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ხვდება ერთმანეთს. “ჩიხურა” მეორე ადგილზე მყარად დგას და პოზიციების დათმობას არ აპირებს, “სიონი” კი 7 ტურია წაუგებელია და ეს მის სატურნირო მდგომარეობასაც დაეტყო, ერთ დროს აუტსაიდერებში მყოფი ახლა მე-5 ადგილზეა.

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი)

19 დეკემბერი. სამტრედია. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:4

დინამოელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, მალხაზ ჟვანია თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ვისაც ახსოვს, ალბათ დაგვეთანხმება, თბილისელთა გამარჯვების მიუხედავად, მარტვილელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თანამედროვე ფეხბურთი ითამაშეს, სწრაფი და ლამაზი კონტრშეტევებით, ცოტა ოსტატობამ უმტყუნა, თორემ ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაადგა დინამოელთა ხელმძღვანელობამ ჟვანიას თვალი და მალე ის “დინამო 2”–ში მიიწვიეს, სადაც აგრეთვე წარმატებით იმუშავა, ცოტა ხნის წინათ კი სამშობლოში დაბრუნებული ჩეხი დუშან უჰრინის ადგილიც დაიკავა. 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

19 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:4

“ვეტერინარებმა” წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს, თბილისის “დინამო” სტუმრად დაამარცხეს (0:1) და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. ზედა ექვსეულისთვის იბრძვიან და კრიზისში მყოფ “ტორპედოსთანაც” 3 ქულის აღებას შეეცდებიან.

“ტორპედო” კი… სეზონის დასაწყისში ერთ-ერთ ლიდერს მართლაც ძნელი დრო უდგას. წინა ტურში მათ ბოლო 8 შეხვედრაში მეშვიდედ წააგეს.

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი)

19 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:3

“სპარტაკი” კახა კაჭარავას ხელში ცოტა მოფერიანდა, თუმცა სამშვიდობომდე ჯერ კიდევ შორს არის. “დილა” კი სამეულში დამკვიდრებას ლამობს და მისთვისაც ყოველ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

1 დინამო     
17 12 3 2 40:13 39
2 ჩიხურა     
17 10 4 3 34:21 34
3 გურია     
17 9 0 8 20:24 27
4 დილა     
17 7 6 4 23:15 27
5 სიონი      
17 7 5 5 21:18 26
6 მეტალურგი 17 7 5 5 23:22 26
7 ზესტაფონი 
16 6 4 6 18:15 22
8 ტორპედო 
17 6 4 7 19:19 22
9 ვიტ ჯორჯია 17 6 4 7 20:23 22
10 სპარტაკი   
16 4 1 11 13:24 13
11 მერანი           
17 4 1 12 14:34 13
12 ზუგდიდი   
17 2 5 10 7:24 11

 

           

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115583