ძიუდო

22:28 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი ოქრომდე ტრავმამ არ მიუშვა

 

ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ახალ წონით კატეგორიაში – 73 კილოგრამში გადასვლის შემდეგ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის – გრან პრის ფინალში მეორედ იჭიდავა და ისევ ვერცხლს დასჯერდა. მარტის ბოლოს, თბილისში გამართულ ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელ ნუგზარ ტატალაშვილთან დამარცხდა. დღეს კი, ბუდაპეშტში, მიზნამდე უიღბლობამ არ მიუშვა – მეოთხე წუთის ბოლოს, მაშინ, როცა მეტოქეს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვს შიდოთი უგებდა, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში უხერხულად დაეცა და არათუ შეხვედრის გაგრძელება, დაჯილდოვების ცერემონიალზე გასვლაც ვერ შეძლო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის განცხადებით, მიზეზი ფეხის ტრავმაა, მაგრამ კონკრეტულად რა სახის და სიმძიმის, ამას უკვე ექიმები იტყვიან.

ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ტურნირი აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვის ძლევით გახსნა – მეტოქეს ბეჭებზე გასაკრავად ორწუთნახევარი აკმარა. უნგრელ გიულა პალს იუკოთი გასცდა. მეოთხედფინალში, ფრანგ პიერ დუპრას იუკოთი ჩამორჩენა ვაზარით შემოუტრიალა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი პარიზის წლევანდელი გრან სლემის მომგებ მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს წუთი და 40 წამი აკმარა. დროის ამ მონაკვეთში ლაშამ ოლიმპიურ (2004 წელს, 60 კილოგრამში) და მსოფლიოს (2009 წელს, 66 კილოგრამში) ჩემპიონს ყველა შეფასების ილეთი აუღო: იუკო, ვაზარი და იპონი.

უნგრული გრან პრის ფინალში საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილიც გავიდა, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე მასაც ერთი ნაბიჯი დააკლდა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე პაპინაშვილი საკმაოდ ადვილად მივიდა – ოთხივე მეტოქეს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. პირველ წრეში პოლონელი გრჟეგორჟ ვიესზორეკი სამ წუთში, სუფთა გდებით ჩამოიშორა. უკრაინის ნაკრების წევრ გევორქ გევორქიანს ორ წუთში ოთხი გაფრთხილება მიაღებინა. ყაზახ იერკებულან კოსაიევს პირველსავე წუთზე ვაზარი გდებით შეუსრულა. სულ რაღაც ნახევარ წუთში კი მეორე ვაზარი შებოჭვით აართვა. ნახევარფინალში კი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას ასევე ოთხი შიდოთი გასცდა, ოღონდ იქამდე იუკოს შესრულებაც მოასწრო.

ფინალში პაპინაშვილი უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს შეხვდა. მე-4 წუთამდე თანაბარი ბრძოლა იყო, ვიდრე ტაკატომ ხელში არ აიტაცა და სუფთა გდება არ შეუსრულა.

ამირან პაპინაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლებთან ერთად 180-180 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. 73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილმა კი ბრინჯაო და 120 ქულა იკმარა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რეხვიაშვილმა ნახევარფინალში, ვიქტორ სკვორტოვთან წაგების გამო დაკარგა. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე შებოჭვით იმარჯვა.

ამ შეხვედრამდე რეხვიაშვილმა სამი მეტოქის ძლევა მოასწრო: პირველ წრეში ფინელ ეეტუ ლაამანენს 2 წუთსა და 23 წამში სუფთად მოუგო. ესპანელ ხავიერ რამირესსა და უკრაინელ სერგეი დრებოტს კი უილეთო შეხვედრებში გაფრთხილებებით სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი პიერ დუპრა მესამე წუთის მიწურულს შებოჭა.

66 კილოგრამში მოჭიდავე შალვა ქარდავას წილისყრაში არ გაუმართლა – სატურნირო ბადეში პირველ ნომრად განთესილი გიორგი ზანთარაიას სიახლოვეს მოხვდა და რეპეშაჟში სწორედ მასთან წაგების შემდეგ გადაერთო. ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და უკრაინის ნაკრების წევრმა უილეთო შეხვედრაში ერთით ნაკლები შიდოს ხარჯზე მიაღწია საწადელს.

ზანთარაიასთან დაჭიდებამდე ქარდავამ ბელარუსი ვაე ტუტხალიანისა და ფრანგი ადრიენ ბურგუნიონის იპონ-იპონ ძლევა მოასწრო. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ ჰოლანდიელ ხუნიორ დეგენს გასცდა იუკოთი, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადასთან შეხვედრის მიწურულს გაშვებული ვაზარით წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ამავე წონაში კიმონო მინდია ლილუაშვილმაც მოირგო. წარმატებითაც დაიწყო – რუმინელ რემუს ლაზეას იუკოთი გასცდა მაგრამ მერვედფინალში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორთან, ბელარუს დიმიტრი შერშანთან 4 წუთში 2-ჯერ დავარდა ვაზარზე და გრან პრის გამოეთიშა.

ლილუაშვილის დარად, ლუხუმ ჩხვიმიანიც საწყის ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს – პირველსავე წრეში, ფრანგ სოფიან მილუსთან ვაზარით და 2 იუკოთი წააგო.

ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ტატამზე 6 ძიუდოისტი გავა. მათ შორის ნაკრების გამოცდილი წევრი ლევან წიკლაურიცაა, რომელსაც ტრავმიანობის გამო თითქმის ორი სეზონი გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უნგრული ტურნირით ბრუნდება.

წიკლაურის გარდა, ხვალ საქმეში ჩაერთვებიან: უშანგი მარგიანი (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

0.11032