25 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია. საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, სოფომ თავი 311 ქულას მოუყარა და 204-დან 194-ე ადგილზე გადაინაცვლა.
სულ, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში 7 ქართველი ჩოგბურთელია: 194 (204). სოფო შაფათავა – 311 ქულა; 343 (365). ეკატერინე გორგოძე – 120; 365 (370). ოქსანა კალაშნიკოვა – 109; 527 (437). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 58; 577 (614). სოფო ქვაცაბაია – 48; 1064 (1160). მარიამ ბოლქვაძე – 9; 1257 (1255). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში, ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა თამაშობს. ბირმინგემში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი), რომლითაც ბალახის სეზონი გაიხსნა, ქართველმა ჩოგბურთელმა მე-13 ნომრად განთესილ ალეკსანდრა ვოზნიაკთან (კანადა) 3:6, 2:6 წააგო და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.
წყვილებში კალაშნიკოვა და ჩინელი ჟი ჟენგი პირველი რეიტინგის მქონე ზიმბაბველ კარა ბლეკს და ინდოელ სანია მირზას გაეჯიბრებიან. ცნობისთვის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ოქსანას 1497 ქულით 54-ე პოზიცია უკავია.
მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იტალიის ქალაქ პადოვაში იმყოფება და 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში პირველი გამარჯვებაც იზეიმა. მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი მარტინა ტრევისანი 4:6, 6:1, 6:0 დაამარცხა, შემდეგ წრეში კი მე-9 რეიტინგის მქონე რუსი ვალერია სავინიხი
უზბეკეთში, ფერგანას 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ეკატერინე ინდოელ რიშიკა სუნკარას გაეჯიბრება, სოფო კი – მე-6 ნომრად განთესილ იაპონელ იუმი მიაზაკის. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად მიჩნეულ იაპონურ-ინდურ დუეტს (ჰიბინო-ტომბარე) დაუპირისპირდებიან.
თურქეთის ქალაქ ადანას 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში ანა ქადაგიძე რუსეთის სახელით მოთამაშე ეკატერინა წიკლაურთან 0:6, 0:4 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. შარმ ელ შეიხის მორიგ 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებს თამარ ჭალაგანიძე.
ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 234 ქულით 210-ე ადგილზე იმყოფება, გორგოძის და ქვაცაბაიას მსგავსად, უზბეკეთში იასპარეზებს. ნიკოლოზი ფერგანას 50-ათასიანი ჩელენჯერზე მე-3 ნომრად არის განთესილი და საწყის წრეში ინდოელ სრირამ ბალაჯის ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილმა და ამერიკელმა ამრიტ ნარასიჰანმა “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკები – აჰად ერმატოვი და აზიზბეკ ლუკმანოვი 4:6, 6:3, 10:8 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.