ფეხბურთი

18:54 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აღმასკომმა “თბილისის დინამოსა” და “დინამო თბილისის” საქმე იურიდიულ კომიტეტს გადასცა

ოთხშაბათს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 5 ძირითადი და კიდევ რამდენიმე საკითხი იყო:

  1. საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორების” განცხდადების და ს. კ. “დინამო თბილისის” წერილის შესახებ;
  2. სფფ-ის სამსაჯო ღონისძიებების გენერალური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
  3. სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების ადმინისტრაციისთვის სახელის გადარქმევის შესახებ;
  4. სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების დებულებების 2013 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ;
  5. საფეხბურთო კლუბებში გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრების პროექტის განხორციელების ინსტრუქციების დამტკიცება;
  6. სხვადასხვა.

სხდომა კარგა ხანს, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ყველაზე საინტერესო ალბათ “დინამოს” ამბავი იყო. შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინათ, კლუბის ძველმა დამფუძნებლებმა, კერძოდ მერაბ რატიანმა და ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა “დინამომ” სფფ-ში წერილი შეიტანეს, რომელშიც საფეხბურთო კლუბ “დინამოსთან” დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. წერილი გენერალურმა სამდივნომ ჩაიბარა და განსახილველად აღმასკომს გადაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ საფეხბურთო კლუბი "თბილისის დინამო" წარმოადგენს იმ კლუბის უფლებამონაცვლეს, რომელიც 1925 წელს შეიქმნა და ევროპის თასების მფლობელთა თასის გარდა, ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, ზედიზედ 10-ჯერ კი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2000-2001 წლების სეზონი კლუბმა სწორედ ამ სახელწოდებით დაიწყო, ხოლო ჩემპიონატის მეორე წრიდან მონაწილეობა უკვე "დინამო თბილისმა" განაგრძო და სეზონიც ამავე კლუბმა ჩაამთავრა. არადა, "დინამო თბილისი", თურმე, 2001 წლის მარტში დარეგისტრირდა, არც "თბილისის დინამოსთან" აკავშირებდა სამართლებლივი ურთიერთობა და არც ამ კლუბის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა. როგორც წერილშია აღნიშნული, იმ სეზონის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობის გულგრილობის გამო "თბილისის დინამოს" ადგილი "დინამო თბილისმა" დაიკავა. 2001 წელს შექმნილი კლუბის ხელში აღმოჩნდა ასევე "თბილისის დინამოს" უძრავ-მოძრავი ქონებაც.

ოთხშაბათს აღმასკომმა იმსჯელა და ეს საკითხი იურიდიულ კომიტეტს გადასცა, რომელიც შეისწავლის ვითარებას, კონკრეტულ პიროვნებებს დაელაპარაკება და 15 სექტემბრამდე დადებს დასკვნას. როგორც ჩანს, ბოლოს ეს საქმე მაინც სასამართლომდე მივა.

შემდეგ აღმასკომის წევრებმა სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.

რევაზ არველაძე (სფფ-ის გენერალური მდივანი): “ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო უსაფრთხოების თემა. მოგეხსენებათ, რომ მასპინძელი გუნდი პასუხისმგებელია სტადიონზეც და მის გარეთაც დაიცვას უსაფრთხოება. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და ამიერიდან ჩვენთანაც ძალიან გამკაცრდება. ცხადია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილება შევა კალენდარშიც. მოგეხსენებათ, გორის “დილას” და თბილისის “დინამოს” ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩები აქვთ ჩასატარებელი, ამიტომ 25 აგვისტოს მათი მატჩები გადაიდება. თუმცა, “დინამომ,” შესაძლოა, მაინც ითამაშოს. ამას თავად კლუბში გადაწყვეტენ”.

რომან ფიფია (თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი): “ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ვაი-გულშერმატკივართა ამ უნამუსო ქცევას სტადიონებზე.

რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ, მომავალში მასპინძელი გუნდი ძალიან მკაცრად დაისჯება, თუკი ისეთივე რამ განმეორდა, რაც წინა ტურში “დილა” – “დინამოს” თამაშზე მოხდა. კლუბის მეპატრონე პირადად უნდა დაელაპარაკოს ქომაგებს, რომ ასეთი უმსგავსობები აღარ ხდებოდეს. ეს განსაკუთრებით გორსა და ზესტაფონს ეხება. იქ სიტუაცია უნდა დაწყნარდეს, თუ არა, მაშინ მატჩი ან სხვა ქალაქში გაიმართება, ან ცარიელი ტრიბუნების თანდასწრებით ჩატარდება.

ჩვენ, თბილისის “დინამომ”, მხარი დავუჭირეთ “დილას” თამაშის გადადებას. გვერდში ვუდგავართ გორელებს და ჩემს კოლეგებს მინდა მოვუწოდო, რომ ფეხბურთი არა მარტო მინდორზე თამაშია, არამედ ადამიანური ურთიერთობები და ქცევაა. ერთმანეთს მეტი პატივი ვცეთ და ამით ყველა მოიგებს”.

0.129883