კალათბურთი

20:09 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი გაიხსნა

5 ოქტომბერს, საქართველოს 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალით გაიხსნა, რომელსაც ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.

სუპერლიგის მონაწილე 9 გუნდიდან, მემორიალში მონაწილეობის სურვილი “შსს აკადემიამ”, “ოლიმპმა”, “არმიამ”, “ქუთაისი-2010”-მა, “სოხუმმა” და “რუსთავმა” გამოთქვეს, ხოლო “დინამომ”, “ბათუმი-რსუ”-მ და “მაკაბიმ”, ასპარეზობაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

მემორიალში მონაწილე გუნდები “ა” (“შსს აკადემია”, “ქუთაისი-2010”, “სოხუმი”) და “ბ” (“ოლიმპი”, “არმია”, “რუსთავი”) ჯგუფებში გადანაწილდნენ. ფინალში ჯგუფის გამარჯვებული გუნდები იასპარეზებენ.

სარბიელზე პირველები ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი “შს აკადემია” და “სოხუმი” გავიდნენ. ტიტულების მიუხედავად, ფავორიტად “სოხუმი” ითვლებოდა, რადგან ზღვისპირელები ორი ლეგიონერით - ივანიჩით, ჯექსონით და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველით არის გაძლიერებული, ხოლო “ძალოვნები” ამ სეზონში ახალგაზრდა კალათბურთელებითა არიან დაკომპლექტებული.

“სოხუმის” მთავარი მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას განცხადებით, მეტრეველი “სოხუმში” დროებით თამაშობს, რადგან საზღვარგარეთ თამაშს აპირებს. პროგნოზების მიუხედავად, შეხვედრა “შსს აკადემიას” უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ათწუთეული სამი ქულის სხვაობით, 18:15 მოიგო. ამის შემდეგ, “სოხუმი” გააქტიურდა. მე-3 მეოთხედის შემდეგ ზღვისპირელები 16 ქულის სხვაობით, 64:48 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში “სოხუმმა” შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და “ა” ჯგუფში გალიდერდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა “შსს აკადემიას” უკანახაზელმა რევაზ როგავამ მიითვალა. “სოხუმის” მხრიდან საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი, ფორვარდი ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ჩლაიძის თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი ვახტანგ ქადარია, რომელმაც 16 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. “ქუთაისი-2010” ისვენებდა.

“ბ” ჯგუფში მოასპარეზე გუნდებიდან, სარბიელზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი “ოლიმპი” და მრავალგზის ჩემპიონი “რუსთავი” გავიდნენ. “არმია” ისვენებდა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ფავორიტად “ოლიმპი” ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც “ოლიმპმა” 16 ქულის სხვაობით, 38:22 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 76:53 “ოლიმპის” სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა “ოლიმპის” უკანახაზელმა ირაკლი მიქელაძემ მიითვალა.

სტუმართაგან ყველაზე შედეგიანმა, უკანახაზელმა მალხაზ აბაიშვილმა და ფორვარდმა ზურაბ მაჭავარიანმა 12-12 ქულა მიითვალეს. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა (9ქ.10მ.) დააკლდა “რუსთავის” ახალწვეულს, ფორვარდ ირაკლი ალხანაიძეს.

"შსს აკადემია"-"სოხუმი" 69:84

(15:15, 13:25, 17:24, 21:20)



 

(19:9, 19:13, 11:19, 27:12)

"ოლიმპი"-"რუსთავი" 76:53

 

http://www.superleague.ge/ge/news/?uin=1896

0.116366