პარიზის BNP Paribas Masters-ის ფინალში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი გამარჯვებული დავიდ ფერერი და შეჯიბრების 2009 წლის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან. დღეს ჩატარებულ ნახევარფინალებში ფერერმა რეიტინგსიის ლიდერ რაფა ნადალს 6:3, 7:5 მოუგო, ჯოკოვიჩმა კი სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორ როჯერ ფედერერს 4:6, 6:3, 6:2 სძლია.
ჯოკოვიჩის და ფედერერის მატჩის პირველ სეტში შვეიცარიელმა იმარჯვა, მომდევნო პარტიებში კი სერბის უპირატესობა გამოიკვეთა და ორსაათიანი პაექრობის შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება ნოვაკმა მოიპოვა. პარიზში ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 30-ედ დაუპირისპირდნენ და ანგარიში 16:14-ია როჯერის სასარგებლოდ.
“ცუდად არ მითამაშია, სამწუხაროა, მეორე და მესამე სეტებში საკუთარი შანსი რომ ვერ გამოვიყენე. წაგებამ გული დამწყვიტა, თუმცა, გასული კვირით უკმაყოფილო მაინც არ ვარ”, - განაცხადა ნამატჩევს ფედერერმა.
პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანი რაფა ნადალი პარიზის მასტერზის მოქმედ ჩემპიონ დავიდ ფერერთან 2 სეტში დამარცხდა. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა და მალიორკელმა ვალენსიელთან მეხუთე მარცხი იწვნია, თავად კი დღევანდელი მოწინააღმდეგე 20-ჯერ ჰყავს დამარცხებული.
აქვე მოგახსენებთ, რომ ხვალინდელი ფინალისტები ერთმანეთს 15-ჯერ არიან შეხვედრილნი და ჯოკოვიჩს ფერერთან საგრძნობი უპირატესობა აქვს (10:5).