ფეხბურთი

19:57 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან კელი: “ბორუსია” კიდევ უფრო გაძლიერდება”

 მალე სებასტიან კელი დორტმუნდის “ბორუსიაში” თავის 12-ე სეზონს დაიწყებს. ორიოდე დღეში კელი თანაგუნდელებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა, სებასტიანი უკვე დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი კვლავინდებურად ბუნდესლიგის ფავორიტთა შორის იქნება.

 - ოთხშაბათს წინასასეზონო მზადებას შეუდგებით. ფეხბურთის თამაში არ მოგენატრათ?

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ცუდ გუნება-განწყობაზე გახლდით და რამდენიმე დღე დამჭირდა, რათა მომხდარი კარგად გამეაზრებინა და მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მთავარი იყო გარკვეული პერიოდი გასულიყო. ახლა კი, როდესაც დავინახე, რომ სხვა გუნდები წინასასეზონო წვრთნას შეუდგნენ, მეც ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები ვარჯიშს.

- რას ნიშნავს დორტმუნდის “ბორუსიისთვის” მომდევნო სეზონი?

- საგრძნობი დანაკლისის მიუხედავად, ჩვენ ერთიანი და სტაბილური გუნდი შევინარჩუნეთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გასულ სეზონთან შედარებით უფრო ცუდად არ ვითამაშებთ. პირიქით მგონია – “ბორუსია” კიდევ უფრო გაძლიერდება.

- საყოველთაო აღიარებით პეპ გვარდიოლას “ბაიერნი” უკონკურენციო იქნება...

- ყველაფერი ჩვენზე და კიდევ რამდენიმე გუნდზეა დამოკიდებული. გასულ სეზონში მიუნხენელებმა სავსებით დაიმსახურეს საუკეთესოს ტიტული. მომავალ ბუნდესლიგაში ყოველმხრივ შევეცდებით “ბაიერნი” თავიდანვე წინ არ გავუშვათ და მაღალი პოზიციის დასაკავებლად ბოლომდე ვიბრძოლოთ. დღევანდელი გადასახედიდან კი მაინც აშკარაა – “ბაიერნი” ფავორიტია.

- ახალწვეულებს რაც შეეხებათ, ჯერჯერობით მხოლოდ სოკრატისთან გააფორმეთ კონტრაქტი. კიდევ თუ იგეგმება ახალი ფეხბურთელების აყვანა?

- რასაკვირველია, კიდევ დავიმატებთ ახალ მოთამაშეებს. თუმცა, თავადაც გესმით, ეს რთული პროცესი რომაა. რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება გვინდა, მაგრამ მათი გადაყვანის სურვილი სხვა კლუბებსაც აქვთ. ამასთან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კლოპი, ცორკი და ვაცკე საკუთარ სიტყვას შეასრულებენ და ერთ-ორ ისეთ ფეხბურთელს დავიმატებთ, რომლებიც გუნდს მოაძლიერებენ.

- დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდში კიდევ ერთი სეზონი იასპარეზებს...

- ეს ამბავი ძალიან მახარებს. რობერტი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

- ხომ არ გგონიათ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ლევანდოვსკის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აურზაურის გამო, პოლონელ ფორვარდს ფსიქოლოგიური სახის სირთულეები შეექმნება?

- არა, ყველაფერი უკვე უკანაა. მთელი გასული სეზონის განმავლობაში რობერტმა დაამტკიცა, ყველა სირთულის მაღალპროფესიულად დაძლევა რომ შეუძლია. ანალოგიური იქნება მომდევნო წელსაც. ლევანდოვსკი “ბორუსიას” ერთგულია და გუნდისთვის არაფერს დაიშურებს.

- მარიო გიოტცეს “ბაიერნში” გადასვლამ მატს ჰუმელსი გაანაწყენა. თქვენც გაუბრაზდით აწ უკვე ყოფილ პარტნიორს?

- მეც ძალიან გულგატეხილი გახლდით გიოტცეს საქციელით. თუმცა, ამ ტრანსფერის წყალობით კლუბის ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდა. თუკი ხაზინაში შემოსულ ფულს სწორად გამოვიყენებთ, გიოტცეს ტრანსფერი საბოლოოდ სასიკეთოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. წყენას რაც შეეხება, იგი უკვე გადამივიდა.

- ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრისას “ბორუსია” მესამე კალათაში იქნება გამწესებული. არ გაფრთხობთ, რომ შესაძლოა კვალავინდებურად “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდეთ?

- ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, ყველამ ცხადად დაინახა, რომ წარმატება გარანტირებული წინასწარ არცერთ გრანდს არ აქვს და ისეთი გუნდები, რომლებიც ტოპკლუბებს შორის არ მოიხსენიებიან, მიზანმიმართული წვრთნისა და მონდომებული თამაშის შედეგად ბევრის მისაღწევად ხდებიან მზად.  

- “ბორუსიასთან” ხელშეკრულება 2014 წლამდე გაქვთ გაფორმებული. დორტმუნდში ბოლო სეზონს ატარებთ?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ზამთარში ან გაზაფხულზე კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მაგიდას მივუჯდები და ყველაფერს ნათელი მოეფინება. შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დავიწყო ან სწავლას მოვკიდო ხელი. დღეს თქვენ მიერ დასმულ ბოლო კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. 

0.150895