ძველი ევროპული გამოთქმისა არ იყოს, რა ხდება იქ, სადაც ორი ფრანგი მამაკაცი დგას? აუცილებლად მივა მათთან მესამე და მათ დუელში გამოიწვევს. ეს არცთუ სასაცილო გამოთქმა ალბათ ყველაზე კარგად ვეტერან ფრანგ გოლკიპერს, სებასტიან ფრეის შეესაბამება, რომელმაც ლამისაა მთელი მსოფლიო გამოიწვიოს დუელში.
ფრანგული სპორტული ჟურნალის, “ეკიპისათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში არაერთ გუნდგამოცვლილი ფრეი ამბობს, რომ იგი უსამართლობის მსხვერპლია და თავის დროზე საფრანგეთის ნაკრების კარში დგომას აუცილებლად იმსახურებდა. ჩემი ტალანტი და სიდიადე ვერ დაინახესო – ამბობს სებასტიანი.
სებასტიან ფრეი ფრანგულ ფეხბურთში არსებულ მაფიაზეც საუბრობს და ხმამაღლა აცხადებს, რომ სწორედ ეს მაფია წყვეტს “მამლების“ შემადგენლობას და არა მწვრთნელი. როგორც ჩანს ამ კაცს ქართული ფილმი “მონანიება“ არ უნახავს, თორემ ალბათ ლონდონიდან-ბომბეიმდე გვირაბის გაყვანის ალბათობასაც დაიჯერებდა...