ჩემპიონთა ლიგაზე, დღეს ის 2 თამაში გაიმართება, რომელიც 1/4-ფინალური წყვილებიდან უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან, ჩემპიონთა ლიგაზე ოთხია წარმოდგენილი. დღეს, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებიც ამ 4 ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და დიდი ალბათობით, ოთხივე მათგანი ტიტულს მოიპოვებს. გერმანიისა და იტალიის საუკეთესო გუნდები ერთმანეთს მიუნხენში დაუპირისპირდებიან, ხოლო საფრანგეთისა და ესპანეთის სავარაუდოდ მომავალი ჩემპიონების თამაშს პარიზი უმასპინძლებს.
ბაიერნი-იუვენტუსი
მეოთხედფინალებიდან ყველაზე დიდ ინტერესს გერმანულ-იტალიური დაპირისპირება იწვევს. “ალიანც არენაზე”, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომელთა შესანიშნავ ფორმაში ყოფნა შიდა ჩემპიონატებზე კარგად აისახება. “იუვენტუსი” და განსაკუთრებით “ბაიერნი” წინ დიდი სხვაობით არიან გაჭრილნი და მათი გაჩემპიონება მხოლოდ დროის საკითხია.
როდესაც რომელიმე გუნდის კარგ ფორმაზე ვსაუბრობთ, უპირველესად “ბაიერნი” უნდა ვახსენოთ. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის ბოლო 10 თამაში მოიგეს და ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად, იუპ ჰაინკესის შეგირდებს დარჩენილ 7 მატჩში 2 ქულის აღებაც ჰყოფნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ბაიერნის” ბოლო თამაში. მიუნხენელებმა ევროტურირების საგზურისთვის მებრძოლი “ჰამბურგისგან” 2 გოლი კი გაუშვეს, მაგრამ თავად 9 გაიტანეს. თავი 4 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა კლაუდიო პისარომ, მაგრამ “იუვენტუსთან” მის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას მაინც არ უნდა ველოდოთ.
“იუვენტუსს” ერთ მატჩში 9 გოლი ვერ გააქვს, მაგრამ ტურინელები თამაშს თამაშზე იგებენ და ზედიზედ მე-2 სკუდეტომდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. სერია A-ს გასულ ტურში, ანტონიო კონტეს გუნდმა, “იტალიის დერბიში”, “ინტერი” გასვლაზე 2:1 დაამარცხა და მდევარ “ნაპოლისთან” 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 6 თამაშს ითვლის. ყველა შემთხვევაში, “ბაიერნი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. 2004 წელს, “იუვენეტუსმა” ორივე თამაში ანგარიშით 1:0 მოიგო. ტურინელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მიუნხენელებმა – მეორე. ადგილები ასევე გადანაწილდა ერთი წლის შემდეგაც. განსხვავება ის იყო, რომ “ბაიერნმა” ერთი თამაშის მოგება მოახერხა. ორივე მატჩში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე გუნდმა იმარჯვა და ორივე შემთხვევაში 2:1. 2009 წელს, უკეთესი შედეგი უკვე “ბაიერნმა” დააფიქსირა და თან ისე, რომ “იუვე” ჯგუფში ჩატოვა. მიუნხენში, გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს, ხოლო ტურინში, მე-19 წუთზე დაწინაურებულ მასპინძლებს სტუმრებმა 4:1 მოუგეს. იმ თამაშში ბოლო 2 გოლი მარიო გომესმა და ანატოლი ტიმოშჩუკმა გაიტანეს, რომლებიც “ბაიერნში” დღესაც თამაშობენ.
“ბაიერნი” იტალიურ გუნდებს სულ 35-ჯერ შეხვედრია. მიუნხენელებმა 12-ჯერ მოიგეს, 8-ჯერ ფრედ ითამაშეს და 15-ჯერ წააგეს. გერმანიაში ჩატარებული 12 თამაშიდან 7 მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა, ხუთში სტუმრებმა იმარჯვეს და ამდენივემ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
გერმანული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული 43 თამაშიდან “იუვემ” 23 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და 13 წააგო. სტუმრად, ტურინელებმა შვიდ-შვიდჯერ მოიგეს და წააგეს, ხოლო 5 თამაში ფრედ დაასრულეს.
დისკვალიფიკაციის გამო, “ბაიერნს” ხავი მარტინესი ვერ დაეხმარება. “არსენალთან” გამართული მე-2 თამაშის გამოტოვების შემდეგ, გუნდს უბრუნდებიან ბოატენგი და შვაინშტაიგერი. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ბადშტრუბერი. სტუმართა რიგებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯოვინკოსა და ვუჩინიჩის თამაში, თუმცა, მე-2 მათგანს, დიდი ალბათობით, მოედანზე ვიხილავთ.
საინტერესო ფაქტები
- “ალიანც არენაზე” ჩატარებული ბოლო 19 საჩემპიონთალიგო თამაშიდან “ბაიერნმა” 16 მოიგო;
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან “ბაიერნმა” 13 მოიგო;
- მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 8 თამაშში “ბაიერნმა” 18 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებელით, მიუნხენელები “რეალთან” პირველ ადგილს იყოფენ;
- გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა მოაწოდეს ყველაზე მეტი კუთხური (73) და მიიღეს ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (21);
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნთან” გამართულ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მხოლოდ “არსენალმა” მოახერხა;
- ჩატარებულ 8 თამაშში, მიუნხენელებმა მეტოქეს ზუსტად დარტყმის საშუალება მხოლოდ 22-ჯერ მისცეს, რაც საუკეთესო შედეგია;
- მიმდინარე გათამაშებაში, გოლის გატანა “ბაიერნის” ათმა ფეხბურთელმა მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია;
- თუ დღეს “ბაიერნმა” იმარჯვა, მიუნხენელებს ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 150 მოგება დაუგროვდებათ;
- უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე, “ბაიერნს” 399 გოლი აქვს გაშვებული;
- “ბაიერნი” ყველაზე საშიში მეთექვმეტედან 30-ე წუთამდეა. დროის ამ მონაკვეთში, მიუნხნელებმა 6 გოლი გაიტანეს;
- იუპ ჰაინკესისთვის “იუვენტუსის” დამარცხება უცხო არაა. 1998 წელს, მის მიერ გაწვრთნილმა “რეალმა” ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სძლია;
- “იუვენტუსს” ევროტურნირის გასვლითი თამაში 2010 წლის შემდეგ არ წაუგია;
- “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში 2003 წლის შემდეგ არ უთამაშია;
- “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაში მოიგო და ყველა მათგანი მშრალად;
- ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსს” 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. უკანასკნელად, ტურინელები სწორედ “ბაიერნთან” დამარცხდნენ;
- მიმდინარე გათამაშებაში, “იუვენტუსმა” ყველაზე ცოტა, 4 გოლი გაუშვა;
- ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან “იუვენტუსმა” 7 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, გუსტავო, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი, რიბერი, მანჯუკიჩი.
იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი, ბარძალი, კიელინი, ბონუჩი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა, მარკიზიო, ვუჩინიჩი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
პსჟ-ბარსელონა
“ბარსელონა” თამაშს ამაღლებული განწყობით ხვდება. ორ თვეზე მეტი ხნის განშორების შემდეგ, გუნდს ტიტო ვილანოვა უხელმძღვანელებს. კატალონიელებს დაუბრუნდა სიმსივნესთან ბრძოლაში კიდევ ერთი გამარჯვებული ერიკ აბიდალი.
შეხვედრას ინტრიგას ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტობი მატებს. პარიზელთა ლიდერი “ბარსელონაში” ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მას სპორტულ შედეგებს ვერ დავუწუნებთ, მაგრამ შვედს კატალონიის დატოვება მაინც მოუხდა და ამის მიზეზთან პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი სახელდება.
შიდა ასაპრეზზე საქმეები ორივე გუნდს კარგად მისდის. ეს განსაკუთრებით “ბარსელონაზე” ითქმის. ლა ლიგის ბოლო ტურში ქულების დაკარგვის მიუხედავად, კატალონიელები მე-2 ადგილზე მყოფ გუნდთან 13-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ. კვლავ შედეგიანობით გამოირჩევა გუნდის ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ლიონელ მესი, რომლისთვისაც რეკორდების დამხობა ცხოვრების წესად იქცა. არგენტინელმა, გოლის გატანა ლა ლიგის ზედიზედ 19 თამაშში მოახერხა, რაც აქამდე არსებულ რეკორდზე თითქმის 2-ჯერ უკეთესი შედეგია. თუ ყველა ტურნირს გავითვალისწინებთ, მიმდინარე სეზონში, 44 თამაშში, მესის ანგარიშზე უკვე 56 გოლია.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება კარგად მიმდინარეობს “პარი სენ ჟერმენისთვის”. მართალია, პარიზელები არასტაბილურობით გამოირჩევიან (ბოლო 6 ტურში, ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ 2-ჯერ მოგება ვერცერთხელ მოახერხა), მაგრამ მდევრების მიერ ქულების ხშირად კარგვის გამო, პსჟ გათამაშებას 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ბომბარდირთა დავაში წინაა გაჭრილი “პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ლიგა ერთში 25, ხოლო მთლიანად სეზონში 31 გოლი აქვს გატანილი. იბრას მინუსი ისაა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ანუ გადამწყვეტ ეტაპზე გოლების გატანა უჭირს. შვედი სუპერთავდამსხმელი საპირისპიროს დამტკიცებას დღეს, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეეცდება.
გუნდები ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. 1995 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, პარიზელებმა მეტოქის გათამაშებიდან გამოგდება მოახერხეს. ბარსელონაში ჩატარებული თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო საფრანგეთში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. “ბარსამ” შური 2 წლის შემდეგ იძია. თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, კატალონიელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს.
ესპანეთის წარმომადგენლებთან სულ გამართულ 18 თამაშში პსჟ-ს 9 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, პარიზელებმა 5-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს.
“ბარსა” ფრანგულ გუნდს მეთექვსმეტედ ხვდება. აქამდე, კატალონიელებმა 9 თამაში მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ამდენივე წააგეს. საფრანგეთში, “ბარსას” 3 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა.
დიდი ალბათობით, პსჟ-ს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ტიაგუ მოტა, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ბოლომდე გარკვეული არაა ლუკას მოურას საკითხი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის “ბარსელონას” კარს პირველივე წუთებიდან შეუტევს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-ს საუკეთესო ბომბარდირი ეზეკიელ ლავესია, რომელიც დღევანდელ მატჩს დასვენებული ხვდება. მან ლიგა ერთის ბოლო თამაში გამოტოვა.
“ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა დაისვენა ლა ლგიის ბოლო შეხვედრაში. ესენი ხავიერ მასკერნაო, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია არიან. დღეს, ოთხივე მათგანს ძირითად შემადგენლობაში ელიან. სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან ჩავი და ხორდი ალბა, რომლებსაც ბოლო დროს ტრავმები აწუხებდათ. კატალონიური პრესის ცნობით, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კარგად თამაში საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრით დაუფასდება კრისტიან ტელიოს. “ბარსას” ტრავმირებული პუიოლი, ადრიანო და პედრო ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელს, დისკვალიფიკაციაც აქვს.
შეხვედრას “ბარსელონასთვის” იღბლიანი ვოლფგანგ შტარკი განსჯის. მისი მონაწილეობით გამართული თამაში კატალონიელებმა ერთახერთხელ, 2004 წელს წააგეს “სელტიკთან”. მას შემდეგ, “ბარსამ” ლიონში 1:1 ითამაშა და საბოლოოდ ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დასძლია; “ჩელსისთან” შინ 0:0 ითამაშა და საბოლოოდ ფინალში გავიდა; “ინტერთან” სტუმრად ჩატარებული შეხვედრა ასევე უგოლოდ დაასრულა და საბოლოოდ ჯგუფი მოიგო; “არსენალი” შინ 4:1 გაანადგურა და 1/2-ფინალში გავიდა და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. ეს სწორედ ის თამაშია, შტარკმა მოედნიდან პეპე რომ გააძევა.
საინტერესო ფაქტები
- ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, პსჟ-ს 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეორედ თამაშობს. პირველად, 1993-95 წლების სეზონში, პარიზელებმა ამ ეტაპზე სწორედ “ბარსელონა” დაამარცხეს;
- პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქედან 5-ჯერ პარიზელებმა მოგება მოახერხეს;
- მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-ს ფეხბურთელებმა 17 გოლი გაიტანეს და ყველა მათგანი საჯარიმოს შიგნიდან დაარტყმით;
- ეზეკიელ ლავესიმ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშში 5 გოლი გაიტანა;
- ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებულ 28 თამაშში ზლატან იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, 2009-10 წლების სეზონში, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 46 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა;
- თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ ტიაგო მოტა და მაქსველი. პირველი მათგანი კატალონიურ კლუბში 2001-2007, ხოლო მე-2 – 2009-12 წლებში თამაშობდა;
- კარლო ანჩელოტი მხოლოდ მე-2 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 4 გუნდის გაყვანა მოახერხა. აქამდე, მან ამ ეტაპამდე “იუვენტუსთან”, “მილანთან” და “ჩელსისთან” ერთად მიაღწია. ანჩელოტიმდე, ეს შედეგი მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ჰქონდა;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 6 გუნდის მაისურით გაიტანა. აქამდე, მან მეტოქეთა დამწუხრება “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონასა” და “მილანში” თამაშის დროს მოახერხა;
- მიმდინარე გათამაშებაში, იბრაჰიმოვიჩმა 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც ანხელ დი მარიას შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია;
- ჩატარებულ 8 შეხვედრაში, პსჟ-ს ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ მოხვდნენ;
- გასულ ხუთშაბათს, პსჟ სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ზე ყველაზე პოპულარული ფრანგული კლუბი გახდა. პარიზელთა ოფიციალურმა გვერდმა 2.3 მილიონი მოწონება მოაგროვა და “მარსელს” გადაუსწრო. ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესო “ბარსელონამდე” ფრანგებს ბევრი უკლიათ. კატალონიელთა Fაცებოოკ-ის გვერდი 41 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული;
- განვლილ 8 თამაშში, პსჟ-ს ფეხბურთელებმა 3215 გადაცემა გააკეთეს, ხოლო კატალონიელებმა – 6077;
- ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 2 მოიგო;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მეოთხედფინალი მოგებული აქვს;
- “ბარსელონამ” გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე, საფრანგეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ათივე შეხვედრაში მოახერხა;
- ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ბოლო 14 გასვლითი თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 3 მოიგო;
- მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონამ” 15 გოლი გაიტანა და არცერთი მათგანი არ მოჰყოლია სტანდარტის შესრულებას;
- მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 მატჩში ჩავიმ 856 გადაცმეა გააკეთა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი ფეხბურთელის მაჩვენებელზე 391 პასით მეტი. კატალონიელის გადაცემების 89% ზუსტია;
- ლიონელ მესი, 58 გოლით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 საუკეთესო ბომბარდირია. მას მხოლოდ რაული უსწრებს, რომლის ანგარიშზეც 71 ბურთია;
- ესპანეთის ჩემპიონატში, ლიონელ მესიმ გოლის გატანა ზედიზედ 19 თამაშში მოახერხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგუ სილვა, მაქსველი, მოურა, ვერატი, მატუიდი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ვილია, მესი, ტელიო.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.