კალათბურთი

1:33 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სარაგოსას” ქართველებმა ევროთასზეც იყოჩაღეს

ესპანურმა “სარაგოსამ” ეროვნული ჩემპიონატის კვალად, ევროთასის გათამაშებაშიც წარმატებული სტარტი აიღო და ისე როგორ იქნებოდა, თავი არაგონული კლუბის ახალ ლიდერებს არ გამოეჩინათ. ცხადია, საუბარია სარაგოსელთა ქართველ ახალწვეულებზე – გიორგი შერმადინსა და ვიქტორ სანიკიძეზე, რომელთაც ესპანურ კლუბში ჩინებული სადებიუტო მატჩები აქვთ.

ბელგიურ “მონსთან” იოლად მოგებულ შეხვედრაში (73:56) ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. შერმადინმა მოედანზე 25:34 წუთი გაატარა და არაგონელთა მაისურით პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და ათ ქულას ამდენივე მოხსნა და (4 მეტოქის ფარზე) 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საბოლოოდ, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რითაც იგი “სარაგოსას” კიდევ ერთ წამყვან მოთამაშე ჯონათან ტაბუს გაუტოლდა. ბელგიის ნაკრების უკანახაზელის მონაგარი 10 ქულა და 6 მოხსნა იყო.

რაც შეეხება სანიკიძეს. მან მოედანზე 27:00 წუთი გაატარა და მასპინძლებს 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ქართველთა კლუბი ევროთასზე მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს ბერლინში “ალბას” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში კიდევ ერთ გერმანულ კლუბ “ტელეკომ ბასკეტსს” ბონში 86:65 სძლია.

0.127025