სხვა

16:59 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე პრინციპული თამაში დაძაბულ ბრძოლაში წააგო. ვლადიმერ ისელიძის გუნდი რუსეთს დაუპირისპირდა, რომელსაც გასულ სამ ტურში, ასევე სამივე წაგება ჰქონდა.

პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები სამჯერ დაწინაურდა და რუსებმა სამივეჯერ შეძლეს გათანაბრება.

მეორე რვაწუთეული კი განსხვავებული სცენარით წარიმართა და ეს ანგარიშსაც შეეტყო. მარკო ელეზის ერთადერთ გოლს რუსმა წყალბურთელებმა ოთხით უპასუხეს და შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ (7:4). ამ პერიოდს ქართველთათვის უსიამოვნო ერთი მომენტიც ახლდა – ჩვენი გუნდის მეორე ცენტრალური თავდამსხმელი კონსტანტინე გეგელაშვილი მსაჯმა წითელი ბარათით გააძევა.

მესამე პერიოდის დაწყებისთანავე, საქართველოს ნაკრები კაპიტნის, ზურაბ რურუას გარეშე დარჩა. ამასთან, რუსებმა 5-მეტრიანის შესრულების უფლებაც მიიღეს და გამოიყენეს კიდეც. ქართული გუნდი 4 ბურთით ჩამორჩა და თითქოს მატჩის ბედიც იქვე გადაწყდა, მაგრამ სულ რაღაც ორწუთიან მონაკვეთში ფრანიჩევიჩის, ელეზის, ხვედელიანისა და ცრეპულიას გოლების შემდეგ ანგარიში 8:8 გახდა. მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ კი 11:11 იყო, მაგრამ გეგელაშვილისა და რურუას მსგავსად, სამი ჯარიმის გამო ფრანიჩევიჩმაც ნაადრევად დაასრულა თამაში და საქართველოს ნაკრები ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩა. ამასთან, მსაჯმა წითელი ბარათით მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩიც დასაჯა.

დასკვნით მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ დაწინაურდა – ცრეპულიას გოლის შემდეგ ანგარიში 12:11 გახდა, მაგრამ შემდეგ მესამე ჯარიმის გამო კიდევ ორ წყალბურთელს: ბაღათურიასა და ხვედელიანსაც მოუხდათ ნაადრევად აუზის დატოვება და თამაშის ბოლო წუთებში ქართული გუნდი კაცნაკლული დარჩა. შეხვედრის ბედიც იქვე გადაწყდა – 12:16.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტი: 4-4 გოლი ცრეპულიამ და ელეზიმ გაიტანეს. ფრანიჩევიჩმა, ბაღათურიამ, ხვედელიანმა და ელაჩამ კი თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი.

მეხუთე ტურში ქართველი წყალბურთელები ჩერნოგორიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს თამაში 21 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში.

14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი).

A ჯგუფი. მე-3 ტური

 

საქართველო - რუსეთი 12:16 (3:3, 1:4, 7:4, 1:5)

 

საქართველო: ელეზი (4), ცრეპულია (4), ფრანიჩევიჩი, ელაჩა, ბაღათურია, ხვედელიანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113398