როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გააღწია და სამომავლო რეიტინგში წინსვლა ელის, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი 285 ქულით 204-ე ადგილზე იმყოფება.
სულ, WTA-ს რეიტინგში 7 ქართველი გოგონა მოხვდა: 204 (203). სოფო შაფათავა – 285 ქულა; 365 (369). ეკატერინე გორგოძე – 111; 370 (351). ოქსანა კალაშნიკოვა – 109; 437 (440). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 614 (616). სოფო ქვაცაბაია – 43; 1160 (1154). მარიამ ბოლქვაძე – 6; 1255 (1248). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში შაფათავას იტალიაში, ქალაქ გრადოს 25-ათასიან ტურნირზე უნდა ეთამაშა, თუმცა, საბედნიეროდ, “როლან გაროსს” შემორჩა და ცხადია, აპენინებზე აღარ გამგზავრებულა.
სამაგიეროდ, საკვალიფიკაციო ბადეში ძალები მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა სცადა, რომელმაც პირველ რაუნდში არგენტინელი კარლა ლუსერო 6:0, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი, მე-10 ნომრად განთესილმა ქართველმა პირველი რეიტინგის მქონე იტალიელ ჯაია სანესისთან 6:3, 4:6, 4:6 წააგო.
უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში იმყოფებიან სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. მე-5 ნომრად განთესილი გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფარიზა აბდულაევას (უზბეკეთი) ეთამაშება, ქვაცაბაიას მეტოქე კი ალიკა ისმაილოვა (უზბეკეთი) იქნება. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები ასევე მასპინძლებს – ახმედოვას და ილინას დაუპირისპირდებიან.
ისრაელის ქალაქ ნეთანიას 10-ათასიანი ტურნირის პირველივე რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე ავსტრიელ პია კიონიგთან 5:7, 1:6 წააგო მარიამ ბოლქვაძემ. წყვილებში ბოლქვაძე და რუსი ანასტასია პრიბილოვა უკრაინელებს – ბოგოსლავეცს და პისკუნს ეთამაშებიან.
ეგვიპტეში, კერძოდ კი, შარმ ელ შეიხში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს თამარ ჭალაგანიძე.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც გასულ კვირას კარშის 50-ათასიანი ტურნირი მოიგო, 85-ადგილიანი წინსვლა განიცადა და 237 ქულით 209-ე პოზიციას უწია. ქართველთაგან მე-2 საუკეთესო შედეგი ალექსანდრე მეტრეველს გააჩნია. იგი 39 ქულით 654-ეა.