რაგბი

1:11 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მეორეა, თასი არგენტინაში მიდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “თბილისის თასი 2014”-ის დასკვნით ტურში “მზარდი იტალია” ყველაფერში დაჯაბნა, უპირატესობა ოთხ ლელოში ასახა და 34:10 მოგებით ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

ლიდერების გარეშე მოთამაშე “ბორჯღალოსნებმა” ტურნირის მესამე მატჩში საუკეთესო თამაში აჩვენეს. მართალია ისევ იყო ხარვეზები, მაგრამ შერკინების უპირატესობის სათანადოდ გამოყენებით, რასაც ორი საჯარიმო ლელო მოყვა, გუნდმა პრემიალური ქულის აღებაც მოახერხა და მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის შანსი არ დაუტოვა. სასიხარულოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა ლელოთი აღნიშნა ახალგაზრდა გარემარბმა მურაზ გიორგაძემ, ხოლო ზურაბ ჟვანიამ “თბილისის თასზე” მიღებული შანსი კარგად გამოიყენა და ამჯერად მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

მატჩის დებიუტში ქართველმა მორაგბეებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ საწყის წუთებში შერკინებამ უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, გუნდმა კარგად ითამაშა დერეფანში და რამდენჯერმე მეტოქის მოწოდებაც მოიგო. ლელოს გატანის კარგი შანსიც იყო, როდესაც გიორგაძემ ხაზი გაჭრა და იერიში სანდრო თოდუას გააგრძელებინა, მას მერაბ შარიქაძე მიყვა, თუმცა, ბურთი ვერ შეიმაგრა. მე-10-ე წუთზე ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი მაგრამ მალაღურაძეს გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მე-14-ე წუთზე მან 50 მეტრიდან ზუსტად დაარტყა, ხოლო მე-18-ე წუთზე რამდენიმე შეცდომის შემდეგ ბურთი ბექა წიკლაურს მიუვიდა, 22-მეტრიდან მოულოდნელად არეკნი დაჰკრა და ანგარიში 6:0 გახდა.

ტაიმის შუაში მალაღურაძეს ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, 31-ე წუთზე კი, ინტენსიურ შეტევას ლელო მოყვა. მეტოქის შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ, კარგად ითამაშეს რეზო გიგაურმა და შარიქაძემ, ხოლო ჟვანიამ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს წარმოქმნილი რაქიდან ბურთი აიტაცა და ბოლო ორ შეხვედრაში მეორე ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს არეული თამაში წავიდა. საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა აღარ დაარტყა, შალვა მამუკაშვილმა ბურთი სწრაფად გაითამაშა და გიორგაძემ ფეხით გადაიკიდა, მაგრამ ის პირით ხაზს გასცდა და ტაიმი 13:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ქარის საწინააღმდეგოდ თამაშობდა, მაგრამ ინიციატივას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და ორნელ ჯეგა სინბინით დაისაჯა. დერეფნიდან მოლის აგორებას შედეგი რომ არ მოყვა, მერე “ბორჯღალოსნებმა” შერკინებით სცდეს ფონს გასვლა თავიდან ბურთი დაკარგეს, მაგრამ მერე მეტოქის შერკინება მოიგეს და 49-ე წუთზე იტალია პირველად დაისაჯა საჯარიმო ლელოთი, ხოლო მალაღურაძემ გარდასახვით ანგარიში 20:0 გახადა.

55-ე წუთზე ჟვანიამ საუცხოოდ ითამაშა, რაქიდან აიტაცა ბურთი, რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და წინ წაიწია. ამ ეპიზოდს 5-მეტრა შერკინება მოყვა, იტალია კვლავ ვერ დადგა და საჯარიმო ლელოთი მეორედ დაისაჯა, ხოლო მალაღურაძემ ანგარიში 27:0 გახადა. რომ მიხვდნენ სტუმრები მშრალზე დამარცხება ემუქრებოდათ, 57-ე წუთზე ჯარიმა დაარტყეს და 3 ქულა ჩაიწერეს, მაგრამ მალევე საკუთარი მოედნიდან ხელდახელ შეტევის მცდელობისას გიორგაძემ გადაცემა ჩაჭრა, 35 მეტრი ირბინა და პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო მალაღურაძეს დარტყმა კვლავ ზუსტი იყო. საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე, გაბრიელ ჩიკინელიმ იტალიელთა ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დაასრულა, გარდასახვაც ზუსტი იყო და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი შერკინებით აღფრთოვანებული ვარ, ამ კომპონენტში ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა. დავით ქუბრიაშვილი განსაკუთრებით ძლიერი იყო და ის მეტოქეს მუდამ წნეხის ქვეშ ამყოფებდა. ამ გამარჯვების შემდეგ მთელი გუნდი კმაყოფილია და ისიც ვიცით, რომ არგენტინასთან ოდნავ უკეთ რომ გვეთამაშა, ახლა თასი ჩვენი იქნებოდა”.

მარიუს გუსენი (“მზარდი იტალიას” მთავარი მწვრთნელი): “დღეს ქართველებისგან გაკვეთილი მივიღეთ. მათ საკუთარი თამაშის სტილი მოგვახვიეს თავს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს ფანტასტიკური მასპინძლობისთვის. აქედან დიდი შთაბეჭდილებებით მივდივარ”.

რა გასაკვირია, რომ მეორე მატჩში არგენტინამ ესპანეთთან უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და პირველსავე ტაიმში 34:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ გუნდებმა ლელოები გაცვალეს, არგენტინამ 41:7 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა და თასი სამხრეთ ამერიკის გზას გაუყენა.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” 34:10 (13:0)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. რეზო გიგაური (22. თამაზ მჭედლიძე 61), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. გიორგი როხვაძე 61); 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი (16. გურამ კავთიძე 70), 3. დუდუ ქუბრიაშვილი (17. დაჩი ყუფარაძე 75), 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (18. ლაშა ლომიძე 26-31; 55), 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.) (19. გივი ბერიშვილი 51), 7. გიორგი თხილაიშვილი (შალვა სუთიაშვილი 62), 8. ბექა ბიწაძე (20. დიმიტრი ბასილაია 49).

4 ლელო: ჟვანია, საჯარიმო (2), გიორგაძე

4 გარდასახვა: მალაღურაძე

1 ჯარიმა: მალაღურაძე

1 არეკნი: წიკლაური

იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ტომაზო ბონი, 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ჯეიმზ ამბროზინი, 9. მარჩელო ვიოლი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ ჯეგა, 3. ლორენცო რომანო (18. რუდი ბიანკოტი 26), 4. ფილიპო ჯეროზა, 5. მიკელე ანდრეოტი, 6. მაკსიმე მბანდა-მატა, 7. ემილიანო კაფინი, 8. მატეო ფერო.

სათადარიგოები: 16. ჯოვანი სკალვი, 17. ლუკა სკარსინი, 19. იაკოპო სარტო, 20. გაბრიელ ჩიკინელი, 21. კარლო კანა, 23. ენრიკო ბაკინი.

რეფერი: დადლი ფილიპსი (ირლანდია)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, თორნიკე გვირჯიშვილი

 

არგენტინა “იაგუარები” - ესპანეთი 41:7 (34:0)

არგენტინა: 15. რამირო მოჟანო, 14. ფაკუნდო ვარეა, 13. ხუან-იგნასიო ვრექსი, 12. ხავიერ როხასი, 11. დან ისაკი, 10. სებასტიან პოეტი, 9. მარკოს ვოჟინი; 1. სანტიაგო გარსია-ვოტა, 2. ტომას ვარავაჟე, 3. გასტონ კორტესი, 4. ფრანკო ვალდონი, 5. ლუკას პონსე, 6. ლუკას მაგვაიერი, 7. ლაუტარო კასადო, 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. დამიან არიასი, 17. ნაუელ ლოვო, 18. ნიკოლას პროტო, 19, ფაკუნდო ისა, 20. ფელიპე ესკურა, 21. მატიას მასერა, 22. ხუან კაპიელო.

ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი, 14. ალბერტო დიასი, 13. პაბლო ფონტესი, 12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდეს, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. პაბლო ფეიხო (კაპ.); 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. მანუელ მორა, 6. ხავიერ დე-ხუანი, 7. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 8. ადამ-რობერთ ნიუთონ.

სათადარიგოები: 16. გიჯერმო ესპინოსი, 17. რომენ აზენსი, 18. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი, 19. ფრანსისკო ბლანკო, 20. იგნასიო-დუკო მოლინა, 21. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, 22. ფაკუნდო მუნიჯა.

რეფერი: ლუქ პირსი (ინგლისი)

კიდეებზე: საბა აბულაშვილი, ნიკოლოზ ამაშუკელი

 

  1. იაგუარები   3      3      0      0      112-43 14
  2. საქართველო 3      2      0      1      73-49  9
  3. მზ. იტალია  3      1      0      2      67-79  5
  4. ესპანეთი     3      0      0      3      20-101 0
0.133712