ბრაზილიური “სანტოსის” ვიცე-პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი აცხადებს, რომ კლუბი ახალგაზრდა თავდამსხმელთან, ნეიმართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
როგორც ცნობილია, ნეიმარს “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ყველაზე ხშირად მას “ბარსელონას” უკავშირებენ. ზოგი ინფორმაციით, ნეიმარის კატალონიურ კლუბში გადასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ აღნიშნულს არ ეთანხმება ბრაზილიელთა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ “სანტოსი” ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
“კლუბის ხელმძღვანელობა ნეიმართან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს. ამ საკითხზე ვმუშაობთ.
ფეხბურთელის მამასთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ. მან დაგვარწმუნა, რომ “ბარსელონასთან” არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. გვჯერა მისი სიტყვების იმასთან დაკავშირებით, რომ ნეიმარი ითამაშებს იქ, სადაც ბედნიერი იქნება.
ნეიმარი ყოველდღე იყიდება და ეს უკვე აღარავის უკვირს. დადის ხმები, რომ “სანტოსმა”, ფეხბურთელის სანაცვლოდ, ფული უკვე აიღო. ვაცხადებ, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები არ გვქონია.” – ციტირებს “სანტოსის” წარმომადგენლის სიტყვებს Sky Sports-ი.