ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 27-ე ტური წარუმატებელი გამოდგა ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსასთვის”. არაგონელები ბადალონაში “ხუვენტუტს” ესტუმრნენ და უიმედოდ – 57:82 წააგეს.
ქართველი ფორვარდი სარაგოსელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 22:04 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12 გახლდათ, რაც მაიკლ როლის დარად, სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამერიკელმა კალათბურთელმა 13 ქულა ჩააგდო.
“სარაგოსამ” 16 მოგების წილ მე-11 მარცხი განიცადა და “ჰერბალაიფ გრან კანარიასთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. არაგონელები მომდევნო მატჩს 20 აპრილს მალაგას “უნიკახას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.