სხვა

0:02 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია!!!

20 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში დაწყებული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ტურნირმა სტარტი გუშინ სპორტკომპლექს “არენა 1”-სა და “არენა 2”-ში აიღო და მედლები ვაჟებმა – ხმალში, ხოლო ქალებმა დაშნაში გაითამაშეს.

ვაჟთა ტურნირს 29 მონაწილე ჰყავდა და მათგან 4 ქართველი გახლდათ: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე და ლუკა ობოლაძე.

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე უკეთ ბაზაძემ იასპარეზა, რომელმაც ოქროს მედალი არავის დაუთმო. სანდრომ ჯგუფში ბელარუს კარაბინსკის, პოლონელ ოჩინსკის, რუმინელ ცუცუს, აზერბაიჯანელ დადაშოვს და ბრიტანელ საუნდერსს აჯობა.

ამგვარად, ქართველი მოფარიკავე პლეი-ოფში პირველ ნომრად გავიდა და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი თურქი იბრაჰიმ-აჰმეტი, იტალიელები აფედე და კურატოლი და რუსი ტრუშაკოვი დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. ბრინჯაოს მედლები იტალიელ ლუკა კურატოლიმ და ბელარუსმა სერჰეი შაჩანინმა დაისაკუთრეს.

საბოლოო ცხრილში მე-9 პოზიცია ერგო მარდალეიშვილს, სულამანიძე მე-16 გახლდათ, ხოლო ობოლაძე – 24-ე.

საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავდა ქალთა დაშნაშიც, თუმცა, მათ გაცილებით სუსტი შედეგები აჩვენეს: 23. მარია ზაკირჩენკო; 24. ნიცა იაგორაშვილი; 26. ქრისტინე მიქაძე; 30. ანა ბიბიჩაძე;

ამ დისციპლინაში ჩემპიონობა იტალიელმა ბრენდა ბრიასკომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუსი იულია ლიჩაგინა დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი პოლონელებს – კამილა პიტკას და იაგონდა ზაგალას ერგოთ.

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ასევე მედლების 2 კომპლექტი გათამაშდება: ვაჟთა დაშნასა და ქალთა რაპირაში. 26 ივნისს ვაჟთა რაპირა და ქალთა ხმალია, 27-28 ივნისს კი ჩემპიონები გუნდურ პირველობებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114959