”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის ახალწვეულის სახელია სანდრო გურული. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მარგველთა ქომაგს უკრაინულ ”კარპატისთან” 3 წლის წინანდელი მატჩებიდან მოყოლებული ახსოვს, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ფრანგული “ლიონის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა სანდრო გურულმა, რომელმაც თავის პირველი კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, 2008 წელს კარიერა უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ”კარპატიში” გააგრძელა და უკრაინელთა რიგებში 2012 წლამდე იასპარეზა. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ 2010 წელს, სანდრომ ლვოველთა შემადგენლობაში "ზესტაფონის" წინააღმდეგ იასპარეზა - ქართულ-უკრაინული დუელი უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გაიმართა.
2012 წელს ფეხბურთელმა კარიერა გორის "დილაში" გააგრძელა. გასული სეზონის მეორე ეტაპი კი ბათუმელ დინამოელთა რიგებში გაატარა. სანდრო გურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადღეისოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შეხვედრებში 1 გოლი აქვს გატანილი.
"ზესტაფონსა" და სანდრო გურულს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზესტაფონელთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 5-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური