თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ თურქეთის ეროვნული ნაკრები 4 ბურთის სხვაობით 8:4 დაამარცხდა და ორმატჩიან სერიაში 1:0 დაწინაურდა. საპასუხო შეხვედრა თურქეთის საპორტო ქალაქ სტამბულში 1 მარტს გაიმართება. საქართველო-თურქეთის დაპირისპირებაში გამარჯვებულად ორი მატჩის ჯამში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი გამოცხადდება. თურქეთში მოგებასა და ფრეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართველ წყალბურთელებს 3 ბურთის სხვაობით წაგებაც აწყობთ. 4 ბურთის სხვაობით დამარცხების შემთხვევაში, დამატებითი დრო დაინიშნება და გამარჯვებულად ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდი გამოცხადდება. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თურქეთში გასამართი მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში, არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას.
საქართველო-თურქეთის დღევანდელმა შეხვედრამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ დასაჯდომ ადგილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დასადგომი ადგილიც კი აღარ იყო. შეიძლება ითქვას, დარბაზში ნემსიც კი არ ჩავარდებოდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - 1:0. მალე სტუმრებმა ანგარიში პენალტით ანუ 5-მეტრიანი საჯარიმოთი გაათანაბრეს. ამის შემდეგ ისევ მასპინძლები დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში სტუმრები სულ მდევრის როლში იყვნენ. აღნიშნულის მიუხედავად, თურქი წყალბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ და იოლად არაფერს თმობდნენ. ჩვენი გუნდის გამარჯვებაში გამორჩეული როლი მეკარე ჭუმბურიძის კარგმა თამაშმა განაპირობა. რამდენჯერმე ფორტუნამაც გაგვიღიმა, რადგან კარი აშკარა გოლისაგან ძელმა იხსნა. შეხვედრის ბოლო წუთებში მსაჯებმა სარბიელიდან ჩვენი ვეტერანი და ერთ-ერთი ლიდერი რეზო ჩომახიძე გააძევეს. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა შეძლეს 4-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8:4 გაიმარჯვეს.
მართალია „ოლიმპიკის“ დარბაზი სავსე იყო გულშემატკივრებით, მაგრამ ქომაგობა ხალხმრავლობის შესაბამისი ნამდვილად არ ყოფილა. თურქეთში ჩვენს გუნდს ურთულესი მატჩი ელის, რადგან იქაური გულშემატკივარი გამორჩეული ქომაგობით არის ცნობილი და არც მსაჯთა „შეცდომები“ იქნება გამორიცხული მასპინძელთა სასარგებლოდ.
მატჩის შემდეგ „მსოფლიო სპორტი“ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, ვეტერან წყალბურთელ სანდრო ბითაძეს ესაუბრა:
„დღეს ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბიჭებმა ურთულესი მატჩი გადაიტანეს. მადლობა მათ, რომ შეძლეს შეხვედრის მოგება“.
- მსაჯებით კმაყოფილი ხართ?
- მსაჯების მხრიდან ორივე გუნდის მიმართ იყო შეცდომები. აღნიშნულის მიუხედავად, მთლიანობაში მსაჯობით მაინც კმაყოფილი ვარ.
- მოედნიდან გაძევებულ ჩომახიძეს საპასუხო შეხვედრის გამოტოვება ხომ არ მოუწევს?
- თურქეთში ჩომახიძეც ითამაშებს, რადგან გაძევების ეს ფორმა, მომდევნო შეხვედრის გამოტოვებას არ ითვალისწინებს.
- საპასუხო შეხვედრის შესახებ რას გვეტყვით?
- ურთულესი მატჩის გადატანა მოგვიწევს. 4 ბურთის სხვაობით მოგების მიუხედავად, ფლეი ოფში გამარჯვებულის ვინაობა სტამბოლში გაირკვევა.
- ქართველი გულშემატკივრები თუ იქნებიან სტამბოლში?
- ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პირადი სახსრებით 100-ზე მეტი გულშემატკივარი აპირებს თურქეთი-საქართველოს მატჩზე დასწრებას. იმედია მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველო - თურქეთი 8:4
(3:1, 2:1, 2:1, 1:1)
თბილისი. 15 თებერვალი. საცურაო აუზი „ოლიმპიკი“. ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფი. პირველი მატჩი
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე(მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე
მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი
გოლები:
საქართველო: ელაჩა (3), ცრეპულია (2), ელეზი, ჩომახიძე, რურუა (1)
თურქეთი: ოზბაკისი (3), სუტალო (1)