კალათბურთი

14:30 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის “სან დიეგომ” კონფერენცია წაგებით გახსნა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კონფერენციის მატჩები დაიწყო. თუკი აქამდე გუნდები არეულად თამაშობდნენ, ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვედროდა, ამიერიდან ყველა საკუთარ კონფერენციაში ისპარეზებს.

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აქამდე გამართული 13 არასაკონფერენციო მატჩიდან 9 მოიგო, ამჯერად კი “ვესთ ქოუსთის” კონფერენციის პირველივე  მატჩში “პეპერდაინთან” დამარცხდა – 64:75.

შეხვედრა “პეპერდაინის” მოედანზე, მზიან მალიბუში გაიმართა. მასპინძლებს 12 არასაკონფერენციო მატჩიდან მხოლოდ 7 მოგება ჰქონდათ, თუმცა უკეთესი შედეგის მქონე სანდიეგოელების დამარცხება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის პირველ ნახევარს, დამაჯერებლად ლიდერობდნენ.

10 ქულით ჩამოჩენილმა “სან დიეგომ” მეორე ტაიმის დასაწყისში შტურმი წამოიწყო და დაწინაურდა (53:52) კიდეც, თუმცა მასპინძლებმა მალევე დაალაგეს თამაში და ლიდერობა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს. მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ სანდიეგოელებს მოგების შანსი აღარ გასჩენიათ.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. სანდიეგოელთა შორის 26 ქულით საუკეთესო ჯონი დი იყო, დენის კრამერმა კი 13 მოაგროვა. გამარჯვებულ პეპერდაინელებს 20 ქულით მალკოლმ ბრუკსმა ულიდერა.

მომდევნო მატჩს “სან დიეგო” 30 დეკემბერს, სტუმრად “ლოიოლა ლაიონსთან” გამართავს.

www.gbf.ge

0.124364