კალათბურთი

11:29 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიოს” ტრიოები

 ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალი სან ანტონიოში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და “სპერზმა” თავისი ერთგული ქომაგი (“მაიამისთან” სერიის მესამე მატჩს 18581 მაყურებელი დაესწრო) მეტად გაახარა – ტეხასელებმა ფლორიდელებს 36 ქულიანი სხვაობით 113:77 სძლიეს და მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს საჩემპიონო ბეჭდების მოპოვების საქმეში.

“სან ანტონიოზე” საუბრისას აქცენტს ტიმ დანკანის, ტონი პარკერისა და მანუ ჯინობილის სუპერტრიოზე აკეთებენ, სერიის მესამე მატჩში კი შეხვედრის გმირები ტეხესელთა სხვა ტრიო გახდა. დენი გრინმა, გარი ნილმა და კავაი ლეონარდმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს პრინციპული დაპირისპირების მოგებაში. ამასთან გრინმა და ნილმა “სპერზს” სუპერფინალის რეკორდი დაამყარებინეს ზუსტი სამქულიანი ტყორცნების რეალიზაციაში. გრინმა შვიდჯერ, ხოლო ნილმა ექვსჯერ გაისროლეს ზუსტად პერიმეტერს მიღმიდან, მთლიანობაში სან ანტონიოელებს 16 სამქულიანი გამოუვიდათ და წინა რეკორდი ორით გააუმჯობესეს.

კავაი ლეონარდი დაცვაში იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის MVP ლებრონ ჯეიმსმა თავისი საწყისი 13 ტყორცნის შემდეგ მხოლოდ 2 გამოუვიდა ზუსტი. მაიმელებმა “ლებრონდამოკიდებულება” კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს და უგენერლოდ დარჩენილ არმიას დაემსგავსნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფლორიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ განაცხადა, საერთოდ ვერ შევამჩნიე, ჩემი გუნდი სათამაშოდ გასული რომ იყოო, ლებრონ ჯეიმსმა კი აღიარა, ყველა სათამაშო ეპიზოდში უსუსურად გამოვიყურებოდითო. სან ანტონიოელთა დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი კი, დამაჯერებელი მოგებით გამოწვეული სიხარულის მიუხედავად, აცხადებდა, ურთულესი მოწინააღმდეგე გვყავს და “მაიამი” მომდევნო მატჩებს გაცილებით უკეთ ჩაატარებსო.

“სან ანტონიოსა” და “მაიამის” ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 13 ივნისს (ჩვენი დროით 14 ივნისს გამთენიისას) კვლავ ტეხასის შტატში ჩატარდება. 

სან ანტონიომაიამი 113:77 (24:20, 26:24, 28:19, 35:14)

სან ანტონიო: გრინი (27ქ, 2დ), ნილი (24ქ, 3პ), ლეონარდი (14ქ, 12მ, 4ჩ), დანკანი (12ქ, 14მ, 2დ), ბლერი (9ქ), სპლიტერი (8ქ, 5მ), ჯინობილი (7ქ, 6პ), პარკერი (6ქ, 8პ), ჯოზეფი (2ქ, 4პ), ბონერი (2ქ), მილზი (2ქ), მაკგრეიდი (3პ).

მაიამი: უეიდი (16ქ, 5პ, 4ჩ), ჯეიმსი (15ქ, 11მ, 5პ), მილერი (15ქ), ბოში (12ქ, 10მ, 4პ, 3დ), კოული (8ქ, 3პ), ალენი (4ქ), ჯონსი (3ქ), ანდერსენი (2ქ), ენტონი (2ქ), ბატიე, ლუისი, ჰასლემი, ჩელმერზი. 

სერიის ანგარიში 2:1

0.118564