ფეხბურთი

23:28 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიელები თბილისში ჩასვლას გეგმავენ

როგორც ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების სააპელაციო ორგანომ საფეხბურთო კლუბი ,,სამტრედია” ეროვნული კატეგორიის ლიცენზიის გარეშე დატოვა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს. არადა სამტრედიელებმა პირველი ლიგის ,,B“ ზონაში იმარჯვეს და პლეი ოფში გავიდნენ, რაც მათ უფლებას აძლევდათ, რომ ბათუმის ,,დინამოსთან“, ქობულეთის ,,შუქურასთან“ და ფოთის ,,კოლხეთთან“ თბილისში გასამართ ერთწრიან ტურნირში იმ 2 საუკეთესო ადგილისთვის ებრძოლათ, რომელიც უმაღლესი ლიგის საგზურს მოუტანდა. მოხდა ისე, რომ ლიცენზია ვერც ბათუმის ,,დინამომ“ მოიპოვა, ამიტომ პლეი ოფის ჩატარება საჭირო აღარ გახდა და ქობულეთის ,,შუქურა“ და ფოთის ,,კოლხეთი“ უმაღლეს ლიგაში უბრძოლველად გადავიდნენ.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ სამტრედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დღეს 17.00 საათზე ,,ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე გუნდის ქომაგებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გულშემატკივრებთან ერთად აქციას კლუბის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელებიც ესწრებოდნენ. ფეხბურთელებს შეხვდა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი.

კლუბის ქომაგებმა სფფ-ს მაღალჩინოსნებს თხოვნით მიმართეს, რომ მათ არ დაუშვან სპორტული შედეგის უგულვებელყოფა და ,,სამტრედიას’’ პლეი ოფში გამოსვლის ნება დართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს თბილისშიც გამართავენ და გუნდის ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით ,,მსოფლიო სპორტი’’ კლუბის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა:

პაატა მიქელთაძე (კლუბის მმართველი დირექტორი) - ,,ლიცენზირებაზე უარის თქმის მიზეზი ვადების დარღვევაა. გასული წლის ოქტომბერში ფინანსური პრობლემების წინაშე ვიდექით და საბუთების შეგროვება დაგვიგვიანდა, თუმცა ახლა ყველაფერი მოვაწესრიგეთ, კიდევ გავასაჩივრებთ და იმედი გვაქვს ყველაფერი კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება.’’

ზაზა ნიკურაძე (სამტრედიის მუნიციპალური გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი) - ,,თავდაპირველად ფინანსურ საკითხებში მართლაც გვქონდა ხარვეზები, მაგრამ შემდეგ ეს პრობლემები გამოვასწორეთ და 18-თვიანი ფინანსური გარანტია წარვადგინეთ. 2014 წლის ბილომდე კლუბს სამტრედიის მუნიციპალური საკრებულო დააფინანსებს, ხოლო 2015 წელს ამ ხარჯებს საკუთარ თავზე ,,პროგრეს ბანკი’’ აიღებს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო ორგანომ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით ძალაში მაინც ძველი გადაწყვეტილება დატოვა. ჩვენ ისევ გავასაჩივრებთ და კლუბის ინტერესების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

გიორგი კახიანი (სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი) - ,,რადგან ასეთი მდგომარეობა შეიქმნა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში კლუბს გვერდით დავუდგები და შევეცდები პრობლემები მოვუგვარო. ამ თემაზე ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე. ისე, ჩემი აზრით, პრობლემის ყველაზე კარგი გადაწყვეტა ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდამდე გაზრდა იქნება. ამით ჩვენთან ერთად ბათუმელებიც მოგებულები დარჩებიან.’’

ზაზა ადეიშვილი (კლუბის ყოფილი პრეზიდენტი) - ,,სამტრედიაში ფეხბურთის ჩაკვლა არ შეიძლება. ამ ხალხს უფეხბურთოდ ნუ დატოვებენ. საქართველოში პრობლემებს რა გამოლევს და მათზე საუბარი დილამდე შემიძლია, მაგრამ სფფ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ თბილისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სტადიონი გვაქვს და გულშემატკივარიც ფეხბურთით ცხოვრობს, ამიტომ გუნდმა უნდა მიიღოს ის კუთვნილი ადგილი, რაც სპორტულ ბრძოლაში დაიმსახურა.’’

გელა სანაია (,,სამტრედიის’’ მთავარი მწვრთნელი) - ,,ლიცენზირების საკითხზე ვერაფერს მოგახსენებთ. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე გუნდის მომზადება მევალება და ვფიქრობ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ზონაში პირველ ადგილზე გავედით და პლეი ოფში თამაშის ნება არ დაგვრთეს. ყველანი დათრგუნულები ვართ. არ ვიცით მომავალში რა გველოდება, თუმცა გუნდი 22-ში ისევ იკრიბება და მომზადებას გავაგრძელებთ.’’

ლევან ბაკურაძე (,,სამტრედიის’’ კაპიტანი) - ,,ბიჭებმა ყველაფერი გავიღეთ და მეორე-მესამე ადგილოსნებს 6 და 11 ქულით გავასწარით. ვფიქრობ, რომ პლეი ოფში თამაშის ნება უნდა დაგვრთონ და უმაღლეს ლიგაში გადამსვლელი გუნდის ვინაობა მწვანე მინდორზე სპორტულ ბრძოლაში უნდა გაირკვეს.’’

დავით  ნიკოლაიშვილი (,,სამტრდიის’’ უხუცესი გულშემატკივარი) - ,,მე მთელი სამტრედია ,,დავიდოვიჩად’’ მიცნობს. 84 წლის კაცი ვარ და გუნდის ყველა საშინაო თუ საგარეო თამაშს ვესწრები. მიუხედავად ჩემი ასაკისა აქედან ფეხს არ მოვიცვლი. თუ საჭირო იქნა თბილისშიც ჩავალ, ფედერაციის ჩინოსნებს პირისპირ შევხვდები და მთელი ქალაქის გულისტკივილს პირადად გადავცემ.’’

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186705