5 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.
კალათბურთის სამოყვარულო ლიგის დამფუძნებლებმა ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ პირებს გააცნეს ჩემპიონატში გუნდების სარეგისტრაციო ვადები და თამაშების დაწყების დრო და ადგილი. პრესკონფერენციას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სამოყვარული ლიგის დამფუძნებელი მიხეილ ამაშუკელი.
მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის" ვებ-საიტზე - www.gabl.ge. სამოყვარულო ლიგის პარტნიორი და მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
სამოყვარულო ლიგის მედია მხარდამჭერები არიან ტელეკომპანია
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “სპორტის სამინისტრო, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს ყველა სპორტულ აქტივობას, მით უმეტეს, ასეთ მასშტაბურს, რომელშიც გასულ სეზონში დაახლოებით 250 სპორტსმენი მონაწილეობდა. ახლა რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ესაა იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას გულისხმობს და რომელსაც ახორციელებდა და განახორციელებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ეს ტურნირი ძალიან კარგია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ესაა შანსი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დიდ გუნდებში ვერ მოხვდნენ და ესაა კარგი საშუალება ვეტერანი კალათბურთელებისთვის, რათა თავიანთ საყვარელ საქმეში იყვნენ“.
მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): “სამოყვარულო ლიგა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. მისი პირველი სეზონის ორგანიზებაში გარკვეულწილად კალათბურთის ეროვნული ფედერაციაც მონაწილეობდა, ახალი სეზონიდან კი უფრო აქტიურები ვიქნებით და აღნიშნულ ტურნირს სამოყვარულო ლიგასთან ერთად ჩავატარებთ. მისასალმებელია, რომ კალათბურთს ასეთი დიდი აქტივობა აქვს და ეს ტენდენცია იზრდება. იმედი მაქვს, ეს სეზონი გაცილებით ნაყოფიერი იქნება როგორც სამოყვარულო ლიგისთვის, ისე – მთლიანად ქართული კალათბურთისთვის“.
www.gbf.ge